ვანო მთვრალაშვილი: „უხარიხსო საწვავი შეიძლება იყოს როგორც იმპორტირებული, ისე - ადგილზე წარმოებული"
გვანცა წულაია
15.07.2020

საქართველოში უხარისხო ბენზინისა და დიზელის საწვავის რაოდენობამ იმდენად მოიმატა, რომ პროდუქციის იმპორტირებისას, წარმოებისას და მიწოდებისას ხარისხობრივი ნომრების დარღვევისთვის სანქციები მკაცრდება. სპეციალისტების აზრით, ეს სწორედ იმის მანიშებელია, რომ ქვეყანაში უხარისხო ბენზინისა და დიზელის საწვავის რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. 

აღნიშნულ ცვლილებას პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა (82 მომხრე). კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და, ამასთანავე, იმპორტირებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობისა (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით. კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ქმედება 10 000-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის წარმოებას, ეს ქმედებაც გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და, ამასთანავე, წარმოებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობისა (ლიტრი) და ამავე საწვავის თვითღირებულების ნამრავლის 15-მაგი ოდენობით. კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ქმედება 9 000-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

უხარისხო ბენზინის ან დიზელის საწვავის მიწოდების შემთხვევაში კი გათვალისწინებული იქნება დაჯარიმება 20 000 ლარის ოდენობით და, ამასთანავე, ავტოგასამართ სადგურზე მიწოდებისთვის განთავსებული საწვავის ფაქტობრივი რაოდენობისა და ამავე საწვავის მიწოდების ადგილზე არსებული ფასის ნამრავლის 10-მაგი ოდენობით. კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, აღნიშნული ქმედება 8 000-ლარიანი ჯარიმით ისჯება.

ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელ ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, ქვეყანაში უხარისხო ნავთობროდუქტების შემოტანა ყოველწლიურად იზრდება, ამიტომ სასურველია, სახელმწიფომ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები გადადგას, რომელიც შემაკავებელი ფაქტორი იქნება იმისთვის, რომ ქვეყანაში უხარისხო პროდუქტი არ მოხვდეს. 

„ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო წელიწად-ნახევარის განმავლობაში გარემოს დაცვის სამინისტრომ რამდენჯერმე განახორციელა უშუალოდ ავტოგასამართ სადგურებზე რეალიზებული საწვავის ხარისხის კონტროლი. შედეგებით დგინდება, რომ, ფაქტობრივად, ყოველი სამი აღებული სინჯიდან ერთი არ შეესაბამება მთავრობის დადგენილებას ხარისხობრივ ნორმებთან დაკავშირებით. ესე იგი, ყოველი 3 აღებული სინჯიდან ერთი იყო უხარისხო, არაკონდენციური და არასტანდარტული. 

ეს შედეგი მართლაც ყურადსაღები და დამაფიქრებელია, რადგან წლების განმავლობაში, როდესაც გარემოს დაცვის სამინისტრო ხარისხის კონტროლს ახორციელებდა, მსგავსი ფაქტები არ ფიქსირდებოდა. შესაძლოა, ყოფილიყო ერთეული შემთხვევა, როდესაც რეალიზებული იყო უხარისხო და არასტანდარტული პროდუქტი. 

საქართველოში უხარისხო საწვავი შეიძლება იყოს როგორც იმპორტირებული, ისე - ადგილზე წარმოებული. ჩვენ რომ სამომავლოდ რეალური სურათი უფრო მკაფიოდ დავინახოთ, სასურველია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ამ მხრივ უფრო აქტიურად გააგრძელოს საქმიანობა, კონტროლი იყოს უფრო მასშტაბური, ყოვლისმომცველი.

როდესაც ვსაუბრობთ უხარისხო პროდუქციის რეალიზაციის გახშირების ფაქტებზე, ეს ნიშნავს იმას, რომ უმთავრესი გავლენა ხდება ეკოლოგიაზე, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებაზე. როდესაც საწვავში გოგირდის მაჩვენებელი ჭარბი კონცენტრაციითაა, ეს პირდაპირ მოქმედებს გარემოსა და, რა თქმა უნდა, ადამიანის ჯანმრთელობაზე. 

თანაც, უშუალოდ ინდუსტრიაში უხარისხო პროდუქციის შემომტანი, მწარმოებელი და რეალიზატორი ქმნის არაკონკურენტულ გარემოს, რადგან კეთილსინდისიერი ადამიანი, რომელიც მთავრობის მიერ დადგენილ ნორმებს იცავს და ხარიხიანი და სტანდარული პროდუქცია შემოაქვს, რა თქმა უნდა, არაკონკურენტულ გარემოში ხვდება, რადგან უხარიხსო პროდუქტი იაფია. 

როდესაც ქვეყანაში უხარისხო ნავთობპროდუქცია ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება, სასურველია, რომ სახელმწიფომ შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები გადადგას. აუცილებელია თავად სამინისტროს მხრიდან, მათ შორის შემოსავლების სამსახურის მხრიდან ადმინისტრირება გაძლიერდეს უშუალოდ საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემასთან დაკავშირებით”, - განუცხადა „რეზონანსს” ვანო მთვრალაშვილმა.

რადგანაც უხარისხო საწვავზე სანქციები მკაცრდება, ჩნდება მოლოდინი, რომ ქვეყნაში მისი რაოდენობა დაიკლებს და მთავრობის მიერ დაწესებულ ხარისხობრივ ნორმებთან შესაბამისობაში მოვა. ანალიტიკოს ბექა კუმულარიას თქმით, ვერ მოხდება ისეთი ტიპის საწვავის შემოტანა, რომელიც საქართველოში მოქმედ სტანდარტს არ აკმაყოფილებს. 

„მთავრობის მიერ დგინდება ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის სტანდარტი ქვეყანაში, თუ რა შემცველობას არ უნდა აღემატებოდეს ამ თუ იმ ტიპის საწვავში გარკვეული მანვე ნივთიერებების ჩამონათვალის ნორმა.

იმ საწვავის იმპორტი, რომელიც საქართველოში მოქმედ სტანდატს ვერ აკმაყოფილებს, ვერ განხორციელდება. ჩვენ არ ვართ ნავთობმწარმოებელი ქვეყანა, არც გადამამუშავებელი ქარხანა გვაქვს, რომ საწვავს ვაწარმოებდეთ და, შესაბამისად, ბაზარზე უხარისხო ტიპის საწვავი არ უნდა აღმოჩნდეს”, - აღნიშნა „რეზონანსთან” საუბრისას ბექა კემულარიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×