
საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 100-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა და 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით შექმნილ სპილენძისა და ალუმინის სადენების ახალ საწარმოში, რომელიც დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ოფიციალურად გახსნა.
საწარმოში ინვესტიცია განახორციელა თურქულმა კომპანიამ „Koç Kablo". საწარმო აღჭურვილია მსოფლიოში არსებული უახლესი ტექნოლოგიით, რაც სრულად ავტომატიზებულ წარმოებასა და დაბალ საწარმოო ფასს უზრუნველყოფს.
„ახალი საწარმო ძალიან მაღალტექნოლოგიური და კონკურენტულია და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პროდუქცია ექსპორტზე გააქვს. საწარმო შეიქმნა პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, სახელმწიფოს დახმარებით და მიუხედავად იმისა, რომ ახლადგახსნილია, ამ ეტაპზე, უკვე ასაქმებს 100 ადამიანს და მომავალში ამ მაჩვენებელს, პრაქტიკულად, გააორმაგებს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არის პირდაპირ უცხოური ინვესტიცია, რომელსაც თურქეთის ერთ-ერთი ძლიერი და გამოცდილი კომპანია ახორციელებს და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად იმ სირთულისა, რაც ახლავს პანდემიას, იქმნება ასეთი ახალი საწარმოები, რომლებიც ასაქმებს ჩვენს მოქალაქეებს და აძლიერებს საქართველოს საექსპორტო პოტენციალს," - განაცხადა ნათია თურნავამ.