
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მესამე მოსმენისთვის განიხილა კანონპროექტი, რომლითაც მოქალაქეები „სი-თი პარკის“ ჯარიმებისა და საურავებისგან გათავისუფლდებიან.
კანონპროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“, პარლამენტის წევრების: ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესითაა წარდგენილი.
კანონპროექტის თანახმად, ჯარიმებისა და საურავებისგან თავისუფლდებიან ის მოქალაქეები, რომლებთაც აღნიშნული ფინანსური სახდელი კომპანია „სი-ტი პარკის“-გან 2018 წლის 10 აპრილამდე დაეკისრათ. ცვლილებები რამდენიმე ათას მოქალაქეს შეეხება რაც ჯამში, დაახლოებით 850 ათას ლარს შეადგენს.
„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რომელიც შეეხება „სი-ტი პარკის“ ჯარიმებისგან გათავისუფლებას. იდეა ეკუთვნის მერიას და მადლობა დედაქალაქის მერს ასეთი ინიციატივისთვის. ვფიქრობ, რომ ეს ცვლილებები ნამდვილად იქნება შემსუბუქება იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაკისრებული ჰქონდათ ჯარიმები“, - განაცხადა იურიდიული საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.