
„ფაქტია, რომ თუ მტკიცებულებები არ არის, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერანაირ ბრალს ვერ დაუმძიმებენ“, - ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ განაცხადა.
ბრალდებული მორაგბეების ადვოკატის თქმით, საქმე სამართლებრივ ჩარჩოს არის გაცდენილი.
„ოჯახის წევრებს აქვთ იმის ლეგიტიმური უფლება, რომ ვისზეც სურთ და რაც სურთ, ის ილაპარაკონ, მაგრამ პროკურატურას არ აქვს იმის უფლება, რომ ჭორის დონეზე ბრალდების ფორმულირება მოახდინოს.
თუ რომელიმე პირის მიმართ ბრალი დამძიმდება, ეს არ იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება პროკურატურის მხრიდან. სწორედ ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაც საზოგადოებას უნდა, მართლმსაჯულებასაც იგივე უნდოდეს. საზოგადოების მოთხოვნა სულ სხვა რამეა, მაგრამ სამართალი - სხვა. ის ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული და ბრალდების მხარე ვერსიების დონეზე საუბრობს“, - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ „ტვპირველის“ ეთერში.