
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტის, გიგა ტატიაშვილის ადვოკატის, გიორგი ყიფშიძის განცხადებით, პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ექსპერტიზის დასკვნა ნაცემ მდგომარეობაში შაქარაშვილის წყალში გადაგდებას არ გამორიცხავს.
როგორც ყიფშიძე „ინტერპრესნიუსთან" საუბარში განმარტავს, წინ ექსპერტიზის მნიშვნელოვანი დასკვნებია, რომელმაც არაერთ კითხვას უნდა გასცეს პასუხი.
„ფაქტია, რომ სიკვდილი ასფიქსიამ გამოიწვია, მაგრამ კითხვა ისმის, რატომ არის ამდენი დაზიანება? როგორ აღმოჩნდა ბავშვი წყალში? ალბათ, თადარიგი დაიჭირა პროკურატურამ და მოვლენებს დაასწრო და დააყენა ეს ბრალი. შუაში იმხელა წყვეტაა კონტაქტის პირველივე წუთიდან დაღუპვამდე, ამაზე მსჯელობა ცოტა რთულია. ამ დასკვნით ასეთი სურათი გვიჩნდება, ადამიანი ერთ-ერთი ვერსიით ნაცემი იყო, არ გამოვრიცხავ, რომ გონებადაკარგული იყო და შესაძლოა, ის წყალში უძლურ მდგომარეობაში გადააგდეს. აქედან გამომდინარე შესაძლებელია, სრული სიკვდილი ასფიქსიით დადგა. ეს დასკვნა წყალში გადაგდებას არ გამორიცხავს კი არა, ამ დასკვნას ზოგადად აქით მივყავართ, თუკი, მტკიცებულებები არ დაემატა და მიმართულება არ შეიცვალა. ეს დასკვნა მთლიან სურათს არ გვაძლევს. უამრავი ბიოლგიური მასალაა გაგზავნილი, განსაკუთრებულ მნიშვნელობას გენეტიკურ ექსპერტიზას ვანიჭებ. მიმაჩნია, რომ ჩანთა ამ საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია. 109-ე მუხლი გენეტიკური დასკვნის მოლოდინისთვის მზადებაა. თუკი, ამ საქმეში რომელიმე მონაწილის ნაწილაკები ამ ჩანთაზე აღმოჩნდა, 109-ე მუხლს გზა გახსნილი აქვს გამამატყუნებელი განაჩენისთვის. ამ მუხლით ჩვენ პროკურატურა ცალსახად გვეუბნება, რომ ეს ადამიანი ცემეს და მკვლელობის მიზნით წყალში გადააგდეს, დასრულდა, სხვანაირად 109-ე მუხლი სხვანაირად ვერ აიხსნება. სცემეს და გადააგდეს წყალში, დამთავრდა!", - აცხადებს ყიფშიძე.