
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი. ინფორმაცია ამის შესახებ "ნეტგაზეთს" შაქარაშვილის ოჯახის ინტერესების წარმომადგენდელმა, მირიან ნიკოლაძემ დაუდასტურა.
ნიკოლაძის თქმით, რამდენადაც მისთვისაა ცნობილი, აღნიშნული ექსპერტიზა ხვალ უნდა დასრულდეს და ის გასცემს პასუხს ისეთ გარემოებებზე, როგორიცაა ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზი, სხეულის დაზიანებების მიყენების დრო, ხარისხი და გამოკვეთს საშუალებებს, რომლითაც შაქარაშვილს ეს დაზიანებები აქვს მიყენებული:
"ხვალ ცნობილი იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც გასცემს რამდენიმე კითხვაზე პასუხს, კერძოდ, გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზზე, სხეულის დაზიანების დროზე, გარდაცვალების დროინდელია თუ შემდგომი, ასევე გასცემს პასუხს მიყენებული დაზიანების ხარისხზე", - ამბობს ნიკოლაძე "ნეტგაზეთთან" საუბრისას.