პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, მთავრობა რთველს დაასუბსიდირებს. უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მთავრობა შესყიდვებშიც ჩაერთვება.
„რთველი გვიახლოვდება. ერთ-ერთი სამიზნე მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის გახლავთ სოფელი, ფერმერი, ქართველი გლეხი. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ სხვადასხვა ინსტრუმენტით ამ ადამიანებს დავხმარებოდით, ქართველი ფერმერი გაგვეძლიერებინა კრიზისის პირობებში.
ამიტომ, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოახდინოს რთველის სუბსიდირება, განსაკუთრებით ისეთი ჯიშების, როგორიც არის რქაწითელი და კახური მწვანე, რომლის ფასიც არ იქნება 80 თეთრზე ნაკლები. ამისთვის ბიუჯეტი უკვე გამოყოფილია, შესაბამისი დავალება აქვს მიღებული სოფლის მეურნეობის სამინისტროს. თუ საჭირო იქნა, სახელმწიფოც ჩაერთვება შესყიდვებში იმ შემთხვევაში თუ ასეთი უკიდურესი აუცილებლობა გახდა, მაგრამ ყველა შემთხვევაში მევენახეებმა უნდა იცოდნენ, რომ მინიმალური ფასი ქართულ ყურძებზე - რქაწითელზე და კახურ მწვანეზე იქნება 80 თეთრი. ეს ის მინიმალური შესაძლებლობაა კრიზისის პირობებში, რაც ჩვენ შეგვიძლია დღეს დახმარების სახით გავუწიოთ ქართველ მევენახეებს”, - განაცხადა პრემიერმა.