
2019 წლის ნოემბერში, კიევში ქართველი ბიზნესმენი ნიკოლოზ დავითაშვილი მოკლეს. დავითაშვილს ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ. როგორც მოგვიანებით გაირკვა, კიევში საქმიანი ვიზიტით მყოფი ბიზნესმენი, სასტუმროდან გამოსვლის შემდეგ "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომანქანით გაიტაცეს.
ნიკოლოზ დავითაშვილის ქვრივს თიკა სიხარულიძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ერთ-ერთი ძველი თაობის მოდელია და მოკლულ ბიზნესმენთან 15-წლიანი ოჯახური თანაცხოვრება და ორი შვილი აკავშირებს. თიკა ამბობს, რომ მეუღლის მკვლელობიდან რამდენიმე თვის შემდეგაც, საქმე ბუნდოვანია და გამოძიება წინ არ მიდის. უფრო მეტიც, უკრაინული საგამოძიებო უწყებები დუმან და ბოლო დროს მის სატელეფონო ზარებსაც აღარ პასუხობენ.
რაც შეეხება ქართულ მხარეს, თიკა სიხარულიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიაც იყო საქმის კურსში მისი მეუღლის ძიების პროცესში.
"ყველამ იცის და ყველა ჩართულია. ვიცი, რომ გიორგი გახარიაც იყო საქმის კურსში ნიკას ძიების პროცესში. სამწუხაროდ, ყველაფერი ისე იყო დაგეგმილი, რომ გვამი არ უნდა გვეპოვა. როდესაც დაკარგულის მოსაძებნად ნიკას ძმა და მამიდაშვილი ჩავიდნენ უკრაინაში, ისეთი ამბები მოუწყო უკრაინელმა მხარემ, რომ ფაქტობრივად გამოაძევეს, ამბობდნენ, ჩეჩნები გარეთ დადიან და შეიძლება ესენიც ჩაცხრილონო.
პირველ დეკემბერს, გამთენიისას ჩავიდნენ ჩვენები, "ცეპი" უნდა ამოეცნოთ, რომელიც დაკავებული ჩეჩენის ჯიბეში იპოვეს. როდესაც ჩავიდნენ, სასტუმროში მივიდა გამომძიებელი და უთხრა, რომ ნიკა გარდაცვლილი იპოვეს. შემდეგ ნიკას მეგობარი ჩავიდა და ოთხ დეკემბერს, ჩემ დაბადების დღეზე ჩამომისვენეს ნიკა", - აცხადებს თიკა სიხარულიძე.
კითხვაზე: გრძნობდა თუ არა მისი მეუღლე რაიმე წინასწარ საშიშროებას? სიხარულიძე პასუხობს, რომ
"არანაირი წინასწარი გრძნობა არ ჰქონია. 15 წელი ვიყავი მისი მეუღლე, ხშირად დადიოდა ბიზნესის გამო უკრაინაში. ნიკა იყო ისეთი პიროვნება, რომ ერთი წამითაც რომ დაეშვა მსგავსი რამე, სასტუმროდანაც არ გავიდოდა. მე დღეს ძალიან ცუდ სიტუაციაში ვარ და ყველაზე ვფიქრობ. ორი მიზეზით იშორებენ ადამიანებს - პირადი თემა ან ბიზნესინტერესები. ნიკას შემთხვევაში პირადი გამოირიცხა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ჭორი იყო. ათას სისულელეს ამბობდნენ, ვითომ ქალის თემა იყო, ასევე "შავი სამყაროც" ახსენეს. არანაირი ურთიერთობა და კავშირი არ ჰქონდა შავ სამყაროსთან. ქალის თემა საერთოდ გამორიცხულია. აუცილებლად უნდა ჩაერთოს გამოძიების საქმეში ქართული მხარე, რადგან ნიკა იყო საქართველოს მოქალაქე და მე მარტო ქალი ამას ვერ შევძლებ, გვერდით თუ არ დამიდგნენ", - დასძინა მან.
ambebi.ge