
ქვეყანამ მნიშვნელოვანი ეტაპი დაამთავრა, პოლიტიკურ ველზე სერიოზული ცვლილებებია, - ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ხაინდარავამ აღნიშნა, ყველაზე სახიფათო, რაც ხდება საქართველოში, არის მედიისა და პოლიტიკის სრული კრიმინალიზაცია.
„პოლიტიკასა და მედიას ამოფარებული ვიგინდარები, ხშირ შემთხვევაში კრიმინალები, მორალს სპობენ ამ ქვეყანაში. ჩვენ ვართ მოწმენი იმის, რომ შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბა ყველა რჯულის კრიმინალი. ამ პროცესმა ძალიან ღრმად გაიდგა ფესვი და ამის სიმბოლოა ჟორიკა რურუა. იგი ახალგაზრდებისთვის შეიძლება არა, მაგრამ ჩემი ასაკის ადამიანებისთვის ცალსახად კრიმინალი, ბანდიტი და ყაჩაღია. მის წინააღმდეგ იყო აღძრული ძალიან მძიმე კრიმინალური საქმეები. უამრავი ადამიანია, ვინც დღესაც ითხოვს მის პასუხისგებაში მიცემას მკვლელობებზე, უამრავ დანაშაულზე. ეს იცის მთელმა საქართველომ. რაც ჟორიკა რურუას მიმართ ხდება, მე არ მახსოვს არც ერთი პრეცედენტი თუნდაც სააკაშვილის, რომელიც ამ მარგინალური ჯგუფის ლიდერია, არც მერაბიშვილის, არც უგულავას მიმართ. დღეს ყველა ვხედავთ, რომ ძალიან სერიოზული პოლიტიკური კრიზისია მსოფლიოშიც. წარმოუდგენელი იყო, რომ სხვა პირობებში და სხვა დროს, ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ამდენჯერ ახსენებდეს ადამიანს, რომელიც წითელი ცირკულარით არის ჩამოყვანილი ამერიკის შეერთებული შტატებიდან. იგივე კუბილიუსი და სხვა", - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.