რეზონანსი
02.07.2020

თბილისის მერია გრიგოლ რობაქიძისა და დიმიტრი ყიფიანის ბიუსტების ესკიზების კონკურსს აცხადებს. ასევე, ცხადდება კონკურსი ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალის, ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტების/მემორიალის ესკიზებზე.

საკონკურსო წინადადების თანახმად, გრიგოლ რობაქიძის ბიუსტი მისივე სახელობის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის წინადადების შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.

დიმიტრი ყიფიანის ბიუსტი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მისივე სახელობის დარბაზში განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია და საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

კონკურსის ამოცანა საზოგადოებრივი და პროფესიული ინტერესების გათვალისწინებით, ბიუსტის საუკეთესო ესკიზური ნამუშევრისა და მის განსახორციელებლად ოპტიმალური სახარჯთაღრიცხვო წინადადების გამოვლენაა. მასში მონაწილეობა ამ შემთხვევაშიც, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია.

რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალს, საკონკურსო წინადადების თანახმად, იგი მისივე სახელობის სანაპიროზე (მტკვრის მარჯვენა სანაპირო) განთავსდება. ესკიზის შესარჩევი საკონკურსო პირობები თბილისის მერიის ვებგვერდზეა განთავსებული.

კონკურსი ცხადდება ღიად, ხოლო წარმოდგენილი წინადადებების შეფასება განხორციელდება ფარული წესით. მასში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორებს.

საქართველოს ეროვნული გმირების - ჟიული შარტავასა და გურამ გაბესკირიას ბიუსტები/მემორიალი შარტავას ქუჩაზე არსებულ სკვერში ან/და მ. კოსტავასა და ს. ჩიქოვანის ქუჩების კვეთაზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მომიჯნავე ტერიტორიაზე განთავსდება. ესკიზისა და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შესარჩევი პირობები აღნიშნულ შემთხვევაშიც, თბილისის მერიის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა წინა კონკურსების მსგავსად, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან/და ავტორთა ჯგუფს შეუძლია, ფიზიკური ან/და იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო მასალის წარდგენა და კონკურსის საქმიანობის წარმოება მოხდება ქართულ ენაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×