
სამწუხაროდ, საქართველოში კონსტრუქციული ოპოზიციის ხვედრითი წილი ოპოზიციის მთლიან რაოდენობაში ძალიან მცირეა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა „POSTV-ის" ეთერში განაცხადა.
„ჩვენ კარგად დავინახეთ საკონსტიტუციო კანონპროექტის მიღების დროს ოპოზიციის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილმა გაიაზრა ის პასუხისმგებლობა, რას ეხებოდა საკონსტიტუციო ცვლილება და მხარი დაუჭირა, მაგრამ ოპოზიცის დიდი ნაწილი, რომელიც რეალურად კრიმინალურ ოპოზიციად ჩამოყალიბდა, აცხადებდა და ითხოვდა როგორც საკონსტიტუციო ცვლილებებს, ასევე საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს, მაგრამ არც ერთში მათ მონაწილეობა არ მიუღია.
მისი თქმით, ოპოზიციას არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა არ სურს.
„ჩვენ საქმე გვაქვს დესტრუქციულ ძალასთან, რომლის მიზანი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლა არაა. 2003 წლიდან, დღემდე, „ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის ცდილობდა არა არჩევნების, არამედ სიტუაციის ადუღებით, ტემპერატურის აწევით, ქვეყნის ორად გაყოფით ფონს გასვლას. მე ძალიან მინდა, რომ საქართველოში პოლიტიკური სპექტრი გაჯანსაღდეს და მეათე მოწვევის პარლამენტში, ოპოზიცია ბევრად უფრო ჯანსაღი იყოს", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.