„პირველი ივლისიდან ტექნიკურად ვერ ამოქმედდება, რაღაც კონტრაქტებია ხელმოსაწერი“
გვანცა წულაია
30.06.2020

1-ლი ივლისიდან იპოთეკური სესხების სუბსიდირების დაპირებული პროგრამის ამოქმედება ვერ მოხერხდა. წესით, ივლისის დადგომისთანავე მთავრობას მოსახლეობისთვის იპოთეკური სესხების დაფინანსება უნდა დაეწყო, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სუბსიდირება დადგენილ ვადებში ტექნიკურად ვერ მოესწრო და პროგრამის გაშვება რამდენიმე დღით გადაიწევს. 

დღეიდან მთავრობას იპოთეკური სესხების სუბსიდირება უნდა დაეწყო ყველა იმ პირისთვის, ვინც ახალაშენებულ კორპუსში ბინის შესაძენად 200 ათას ლარამდე თანხას ბანკიდან ისესხებდა. მთავრობა კრედიტის 4%-ს დააფინანსებს და იგი შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება. 

სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომლებიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას და გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში;

სახელმწიფო გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე, გარანტიის ოდენობა არის 20%. შესაბამისად, სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს. ეს ნიშნავს, რომ ადამიანმა თუ სესხი აიღო და შემდეგ ამ სესხს ვეღარ დაფარავს, მთავრობა ბანკს გადაუხდის პრობლემური სესხის 20%-ს.

საბანკო ასოციაციის თავმჯდომარე ალექსანდრე ძნელაძე „რეზონანსთან" ადასტურებს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება ტექნიკურად დღეიდან ვერ მოხდება, მაგრამ განაცხადების მიღება, ალბათ, კვირის ბოლოდან დაიწყება.

„ამჟამად კონტრაქტების ხელმოწერა მიმდინარეობს ბანკებში და როგორც კი ხელი მოეწერება, იმწამსვე გაეშვება. დღეიდან ტექნიკურად ვერ ამოქმედდება, მაგრამ განაცხადების მიღება, ალბათ, კვირის ბოლოდან დაიწყება. კომერციულმა ბანკებმა უნდა გააფორმონ კონტრაქტები "აწარმოე საქართველოსთან" და ამის შემდეგ ბანკები პროდუქტებს გაუშვებენ. "აწარმოე საქართველოსთან" მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იპოთეკური სესხების სუბსიდირება შეეხება მათ, ვინც 200 ათას ლარამდე სესხით ისარგებლებენ. აქ შედის როგორც ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი, ისე ცვლადი საპროცენტო განაკვეთი. ცვლადი განაკვეთის მსესხებლების სუბსიდირებული საპროცენტო განაკვეთი, რასაკვირველია, მერყევია და არის რეფინანსირების განაკვეთს მინუს 4,5%”, - განაცხადა „რეზონანსთან” ალექსანდრე ძნელაძემ. 

ახლა გასარკვევია, ტექნიკური მიზეზების გამო რამდენი დღით გადაიწევს იპოთეკური სესხების პროგრამის ამოქმედება. ჯერჯერობით მხოლოდ მთავრობის შესაბამისი დადგენილება არსებობს.

ზუსტი პასუხი არ აქვთ არც „საზოგადება და ბანკებში”. ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი კეპულაძის აზრით, რადგან მთავრობის დადგენილება არსებობს, ალბათ, სესხების სუბსიდირებაც უნდა დაიწყოს.

„მე როგორც ვიცი, მთავრობის დადგენილება საკმარისია, ამიტომ თუ ეს ნორმატიული აქტი არსებობს და თქვეს, რომ ეს პროგრამა ჩაეშვება, ალბათ, ასეც მოხდება. 

რაც შეეხება იმას, თუ რას მოიცავს სამთავრობო პროგრამა, იგი შეეხება ახალაშენებულ ბინებს. მთავრობის მოტივაცია, როგორც თვითონ ამბობენ, არის ის, რომ სამშენებლო სექტორს დაეხმაროს იმისთვის, რომ მათ არ შეუმცირდეთ გაყიდვები და უძრავ ქონებაზე ფასი ძალიან არ დაეცეს”, - განუცხადა „რეზონანსს” გიორგი კეპულაძემ. 

„საზოგადოება და ბანკების” ხელმძღვანელი იმასაც აცხადებს, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება ბოლომდე სამართლიანი არ არის და სამშენებლო სექტორის გამოცოცხლებისთვის სხვა სახის დახმარება უნდა მომხდარიყო.  

“აქ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. რამდენად სამართლიანია ის, რომ ჩვენი გადასახადებიდან უნდა დავაფინანსოთ იმ ადამიანების იპოთეკური სესხები, რომლებსაც საშუალო და უფრო მაღალი შემოსავალი აქვთ? როგორც ვიცით, თუ საკმაო შემოსავალი არ გაქვს, სხვა შემთხვევაში იპოთეკურ სესხს, უბრალოდ, ვერ აიღებ. აქედან გამომდინარე, სუბსიდირება ბოლომდე სამართლიანი არ არის. ეს უფრო კეთდება სამშენებლო სექტორისთვის, რომელშიც ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული. ვფიქრობ, მათთვის სხვა ფორმით დახმარება უფრო სამართლიანი იქნებოდა და არა - მაინცდამაინც სესხების სუბსიდირებით. 

აღსანიშნავია ისიც, რომ ეს კრიზისი დაძლევაში მხოლოდ მოკლე ვადაში დაეხმარება სამშენებლო კომპანიებს. პერსპექტივისთვის ჯობდა, თავად ბაზარს დაერეგულირებინა ფასი და ბაზარზე სიძვირე ხელოვნურად არ შეგვენარჩუნებინა. თუ ახალაშენებულ კორპუსებში შემცირდებოდა შესაძენი ფართის ფასი, შეიძლება, სუბსიდირებაზე უფრო მოგებული დავრჩენილიყავით, როდესაც ნაკლებს გადავიხდიდით, რაშიც იქამდე გაცილებით მეტის გადახდა მოვიწევდა. ზოგადად, ხელოვნური ჩარევა არ არის კარგი არც ბიზნესში და არც ეკონომიკაში. ეს, როგორც წესი, გრძელვადიან პერიოდში კარგ შედეგს არ მოიტანს”, - განუცხადა „რეზონანსს” კეპულაძემ. 

პრემიერმა ეკონომიკური რეგულაციების შემსუბუქების ფარგლებში აპრილსა და მაისში რამდენიმე პრეზენტაცია გამართა სექტორებისათვის. სწორედ სამშენებლო სექტორისთვის წარდგენილ პრეზენტაციაში იყო საუბარი სუბსიდირებაზე, რომელიც ექსპერტებისა და საზოგადოების დიდ ნაწილს მაინცდამაინც არ მოსწონს. მიზეზი მარტივია - ბიუჯეტის გავლით მაღალშემოსავლიან ფენას ბინის შესაძენად ყველაზე ხელმოკლე ადამიანები 4%-ს უფინანსებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×