
საქართველოს ეკონომიკა მაისში 13.5%-ით შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო რეჟიმი მხოლოდ 22 მაისს მოიხსნა, ეკონომიკის გახსნა უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა მთავარია, როგორი იქნება შემცირების ტემპი შემდეგ თვეებში და მოახერხებს თუ არა საქართველო მშპ-ის ვარდნის შეჩერებას მაინც, რადგან 2020-ში ზრდის მოლოდინი ნულოვანია.
„საქსტატმა“ 2020 წლის მაისის ეკონომიკური ზრდის ამსახველი მაჩვენებლები უკვე გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, გასული თვის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13.5%-ით შემცირდა. ეს ბოლო ათწლეულის განმავლობაში ერთ თვეში ეკონომიკური ვარდნის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ამაზე დიდი ვარდნა მხოლოდ აპრილში იყო და ის -16.6%-ს შეადგენდა. 2020 წლის პირველ 5 თვეში კი ეკონომიკის შემცირების მაჩვენებელი -5.4%-ია.
გამოქვეყნებულ სტატისტიკასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის უფროსმა გოგიტა თოდრაძემ და აღნიშნა, რომ ზრდაზე ნეგატიური გავლენა დამატებული ღირებულების გადამხდელი საწარმოების ბრუნვის 22.2%-ით შემცირებამ იქონია, ასევე ნეგატიურად აისახა ექსპორტის შემცირებული მაჩვენებელიც.
მიმდინარე მაჩვენებლებს გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავაც. მისი აზრით, წინა თვეებში დიდი ეკონომიკური ვარდნა საგანგებო მდგომარეობის პერიოდს უკავშირდებოდა, თუმცა ივნის-ივლისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელში ბიზნესაქტივობის აღდგენა აისახება.
„აპრილში შემცირება იყო 16.6%, მაისში ნაკლები - 13.5%. აქ მთავარი ფაქტორი ისაა, რომ მაისის ბოლო პერიოდში აღარ იყო საგანგებო მდგომარეობა და გარკვეული ბიზნესაქტივობა დაიწყო კიდეც. ზოგადად ეს სტატისტიკა მოსალოდნელი იყო. აპრილი-მაისი ჩვენ მაინც საგანგებო მდგომარეობის პირობებში ვიმყოფებოდით და სრულიად შეგნებულად, დროებით შეჩერებული გვქონდა ბიზნესაქტივობა, ადამიანების მობილობა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად გადავრჩენილიყავით და ის ნეგატიური ტენდენციები არ გაგვემეორებინა, რომლებიც ბევრ სხვა სახელმწიფოში მოხდა.
კიდევ მეტად უნდა დავაკვირდეთ შემდგომი თვეების სტატისტიკას, სადაც უკვე ბიზნესაქტივობა მეტ-ნაკლებად ამოქმედებული იქნება და ეს ივნის-ივლისის თვეების სტატისტიკაში აისახება. რა თქმა უნდა, კვლავ ნეგატიურ დინამიკას ველოდებით, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ვარაუდით, 4-5 პროცენტი იქნება წლიური რეცესია, თუმცა 2021 წელს ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კვლავ პოზიტიურ დინამიკას დავუბრუნდეთ“, - აღნიშნა თურნავამ.
როგორი იქნება მომავალი თვეები და მეოთხე კვარტალი, საბოლოოდ მაინც პანდემიასა და მის გავრცელებაზეა დამოკიდებული, თუმცა ქვეყანა რომ კიდევ ერთ ლოქდაუნს ვერ გაუძლებს, ამას პირდაპირ ამბობენ ეკონომისტები. ,,ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” ვიცე-პრეზიდენტისათვის შედეგი მოულოდნელი არ ყოფილა იმ აკრძალვების ფონზე, რომლებიც მთავრობამ მარტიდან დაიწყო,
,,როცა შეზღუდვების ტალღა დაიწყო, ყოველთვის ვამბობდი, რომ ნამდვილად გვჭირდება, მაგრამ არა - ასეთი მკაცრი. ეს იყო ჩემი პოზიცია და ამის გამო მაშინ კრიტიკაც დავიმსახურე. არაერთ აკრძალვის მაგალითს ვასახელებდი, რომლებსაც არავითარი დანიშნულება არ ჰქონდა და სწორედ ამან მოგვიტანა უმძიმესი ეკონომიკური შედეგი. სამწუხარო კი ის არის, რომ ეკონომიკა, მართალია, მეტ-ნაკლებად ავამუშავეთ, მაგრამ ნეგატიური შედეგი გვექნება კიდევ დიდხანს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩვენ შეზღუდვების მიმართულებით ძალიან გადავაჭარბეთ.
ვამბობთ, რომ ეპიდსიტუაცია კარგი გვაქვს, მაგრამ ამ დროს არავინ იცის, რატომ არ ვხსნით არაერთ დარგს. ზოგიერთი ბიზნესი იმდენი ხნით გავაჩერეთ, რომ, უბრალოდ, დაიხურნენ და ვეღარ ამოქმედდნენ”, - განუცხადა „რეზონანსს" ბაირახტარმა.
ეკონომისტი არც მომავალ კვარტალში ელოდება უკეთეს მონაცემს. მისი აზრით, სახელმწიფოს ბიზნესის მიმართ ძალის დემონსტრირების კი არა, თანამშრომლობის პოლიტიკა უნდა ჰქონდეს, რომ შეზღუდვებით გამოწვეული რეცესია შეჩერდეს.
,,ის, ვინც უნდა იყოს მაკონტროლებელი, არის ჩასაფრებულის პოზიციაში. როცა თავის დროზე შრომის ინსპექციის წარმომადგენელს ვესაუბრებოდი, მათი პოზიცია იყო, რომ ამოცანა უსაფრთხოების ზომების კონტროლი იქნებოდა. შემდეგ კი არაერთი შემთხვევა ვნახეთ, როცა სახელმწიფომ, უბრალოდ, ბიზნესთან ძალის დემონსტირირება მოახდინა. ეს ძალიან გასაკვირია მაშინ, როცა კერძო სექტორსა და ჰორეკაბიზნესს გვერდით უნდა დაუდგეს სახელმწიფო. ამიტომ არავითარ პოზიტიურ ძვრას ამ პოლიტიკის პირობებში, რომელიც ამ ეტაპზე აირჩია მთავრობამ, არ ველოდები”, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.
უარყოფითი მოლოდინი აქვს და ივნის-ივლისშიც ორნიშნა ეკონომიკურ ვარდნას ელოდება „კავკასიის უნივერსიტეტის“ ეკონომიკის სკოლის დეკანი სოსო ბერიკაშვილი.
,,წელს, პირველი 5 თვის ოფიციალური სტატისტიკით, ეკონომიკური ვარდნა 5%-ს გასცდა, ამიტომ მოლოდინი უფრო ნეგატიურია, ვიდრე ადრე. მაისის მეორე ნახევარში საქართველოში სხვადასხვა ორგანიზაციის ამოქმედება დაიწყო, თუმცა - ბევრი შეზღუდვითა და რეგულაციით. ცხადია, ივნის-ივლისში ცოტა უკეთესი სიტუაცია გვექნება, მაგრამ, ალბათ, მაინც ორნიშნა რეცესია დაფიქსირდება, რადგან ტურიზმი, ფაქტობრივად, ვერ ამოქმედდება", - განუცხადა ბერიკაშვილმა ,,რეზონანსს”.