
სვანეთში კრიპტოვალუტის ფერმები შეიძლება ისევ არსებობდეს, ამიტომ კონტროლი გასამკაცრებელია. ენერგეტიკოსები ეჭვობენ, რომ ბიტკოინების უკანონო საწარმოს აღმოჩენის მიუხედავად, სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ისევ მაღალ დონეზეა. ერთ-ერთი ვერსიით კი, აუცილებელია გაიმიჯნოს რა რაოდენობის ენერგიას მოიხმარს მოსახლეობა და რამდენს - კომერციული სექტორი, რათა ბალანსზე უზუსტობა აღმოიფხვრას და აღრიცხვიანობის მხრივ არსებული ხარვეზი საბოლოოდ გამოსწორდეს.
გასულ ზამთარში სვანეს ელექტროენერგიის უწყვეტი მომარაგების პრობლემა შეექმნა. როგორც "ენერგო-პრო ჯორჯიამ" და შემდეგ უკვე ადგილობრივმა თვითმმართველობამ განაცხადა, ეს გადამცემი ხაზების გადატვირთვის შედეგი იყო, რაც თავის მხრივ, კრიპტოვალუტების უკონტროლო მოპოვებამ განაპირობა. სვანეთის მოსახლეობას ელექტროენერგია უფასოდ მიეწოდება და მესტიის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, ადგილობრივების ნაწილი სწორედ საყოფაცხოვრებო ელენერგიას იყენებდა ციფრული ფულის მისაღებად.
ეკკონომიკის მინისტრის მაოდგილის, დავით თვალაბეიშვილის ინფორმაციით, წლის დასაწყისში იყო გაზრდილი მოხმარება, ძირითადად, კრიპტოვალუტის გავრცელებას უკავშირდებოდა. მას შემდეგ შესაბამისი ღონისძიებები ჩატარდა, ასე მწვავედ აღარ დგას ეს საკითხი.
,,ახალი კანონის მიხედვით, სემეკი გარკვეულ რეკომენდაციებს შეიმუშავებს მთავრობის მიმართ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას და შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ დავით თვალაბეიშვილმა.
რაც შეეხება სვანეთის მოსახლეობის მიერ ელექტროენერგიის ხარჯის დაფარვას, ეკონომიკის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ამ საკითხზე მთავრობა მუშაობს.
ენერგეტიკოსი გია არაბიძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გამოთქვამს მოსაზრებას, რომ კრიპტოვალუტის საწარმოებლად ფერმები ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის გამოვლენილი, რის საფუძველსაც სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების მასშტაბი იძლევა. არაბიძე ამბობს, რომ რეალურად არ არის სხვა არგუმენტი, რომ რეგიონი ელექტროენერგიას ასეთი დიდი ოდენობით მოიხმარდეს, ამის საჭიროება არ არსებობს.
,,2019 წელს აპრილიდან 2020 წლის 18 იანვრამდე დიდი რაოდენობის ელექტროენერგიაა დახარჯული და მოპარული, დაახლოებით, 20 მლნ კვტ/სთ-ის ფარგლებში. როგორც კი კონტროლი დაიწყო, სვანეთში დენის მოხმარება გარკვეულ რეჟიმში ჩადგა, მაგრამ დღევანდელი სურათი მაინც გვავეჭვებს, რომ კრიპტოვალუტების დანადგარები ბოლომდე არ არის ამოღებული. შეზღუდვის მიუხედავად, ისევ არის აღმოუჩენელი ადგილები და ამ მიმართულებით მუშაობა გასაძლიერებელია“, - განაცხადა ენერგეტიკოსმა და დასძინა, რომ რეგიონში აღრიცხვიანობის სისტემა მოსაწესრიგებელია, რა მიმართულებითაც აქმადე პრაქტიკულად არაფერი გაკეთებულა.
,,საქმე ისაა, რომ სვანეთში ელექტროენერგიის ქსელი ამხელა დატვირთვისთვის არ არის გათვლილი, ამიტომ მიწოდებისას ყოველთვის იყო გარკვეული შეფერხება. ცხადია, რომ კრიპტოვალუტების დანადგარების შეტანამ ქსელი გადატვირთა და პრობლემა გამოიწვია.
მოსახლეობა დენის გადასახადს არ იხდის, ამიტომ აღრიცხვიანობა სერიოზული პრობლემაა. შეიძლება რაღაც მოსაზრებით ხალხს არ გადაახდევინო გადასახადი, მაგრამ უნდა აღირიცხოს რამდენ მოიხმარს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რათა ვიცოდეთ, ელექტროენერგიის ბალანსიდან რა რაოდენობის დენი გამოიყენა მოსახლეობამ და რამდენი - კომერციულმა ორგანიზაციებმა. ამით ბალანსის სრულ სურათს დავინახავთ.
მნიშვნელოვანია, რომ ტურისტებს და კომერციულ სექტორს მიწოდების მხრივ პრობლემა არ შეექმნას. კონტროლის გაძლიერება კიდევ უფრო შეამცირებს ელექტროენერგიის წილს, რასაც დღეს სვანეთის რეგიონი მოიხმარს“, - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ გია არაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ ბიტკოინების მინი ფერმები სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგს უფასოდ ახორციელებდა, რადგან. სემეკის გადაწყვეტილებით, მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის გადასახადისგან გათავისუფლებულის. მართალია საწარმოები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს დადგენილი ტარიფის შესაბამისად იხდიან, მაგრამ ციფრული ვალუტის დანადგარები სწორედ საყოფაცხოვრებო სექტორში იყო განთავსებული.