რეზონანსი
28.06.2020

 ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული 17 პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. მოსამართლის თანაშემწის ცნობით, იმის გამო, რომ საქმეში ექვსი არასრულწლოვანია, პროცესი დახურულია, შესაბამისად, პროცესს არც მედიასაშუალებები არ ესწრებიან.

ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატის, გიორგი ფოფხაძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.

„მოგვიწია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობა, რადგან ასეთი რაღაც არ გამიგია, რომ აღკვეთის ღონისძიება ინიშნება დილით და წინა დღეს, ღამის პირველ-ორ საათზე გადმომეცა საქმის მასალები. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს წარდგენილ ბრალდებას და თავს ცნობს უდანაშაულოდ. შუამდგომლობით მივმართავ პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ ჩანს პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში და მას ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია“, - განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.

 ბრალდებული სპორტსმენების, არჩილ გაგნიძისა და ვასილ მახარაძის ადვოკატ ალექსანდრე კობაიძეს იმედი აქვს, რომ მოსამართლე არც ერთი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას არ გამოიყენებს.

„მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო უწყება არ იმოქმედებდა ისე ქაოსურად, როგორც უკვე იმოქმედა. მქონდა მოლოდინი, რომ საგამოძიებო ორგანო მოწოდების სიმაღლეზე იქნებოდა, თუმცა სამწუხაროდ, მივიღეთ, ცუდი რაღაც. ამ უბედურებას კიდევ 17 ადამიანის უბედურება ემატება. საქმის მასალებში არსად არ დასტურდება ბრალეულობა. მიმაჩნია, რომ უსაფუძლვლოა დაკავება და იმედს გამოვთქვამ, რომ დღევანდელი სასამართლო აღკვეთის ღონისძიებას არც ერთ სპორტსმენზე და არც ერთ ადამიანზე არ გამოიყენებს.

იმედი მაქვს, ეს საქმე არ იქნება პოლიტიზებული და იქნება სამართლებრივ ჩარჩოში ჩამჯდარი. აქ არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ მოწმე გურო საუბრობს, რომ არანაირი იძულება არ განუხორციელებიათ იმ პირებს, რომლებიც „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანაში ისხდნენ. არანაირ იძულებას ადგილი არ ჰქონიაო. ამ ვიდეო ჩანაწერში რამდენიმე წამი ჩერდება მანქანა, ხიდის ქვეშ არ ჩასულა მანქანა, მხოლოდ მაშინ ჩავიდა, როდესაც გურო ჩაისვეს და წავიდნენ“, - განაცხადა კობაიძემ.

ცნობილია, რომ პროკურატურა 17-ივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×