რეზონანსი
27.06.2020

პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ" და „გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით".

პროკურატურამ ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. ლაბორატორიული კვლევებისთვის დამატებით აღებულია მასალები, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება. ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენა არის უპირველესი ამოცანა, რა მიზნითაც, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი, ასევე სხვა რიგი გარემოებები, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად. საქართველოს პროკურატურა მზაობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის, ასევე, საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მედიასთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის, შესაბამისად მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ შეეშალოს ხელი საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების და მართლმსაჯულების აღსრულებას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება. საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც პროკურატურას ექნება უმკაცრესი მიდგომა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მხილებული ბრალდებულების მიმართ", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, საქართველოს პროკურატურა სამძიმარს უცხადებს გიორგი შაქარაშვილის ოჯახს და ახლობლებს. უწყება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×