რეზონანსი
27.06.2020

გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს შაქარაშვილთან რაიმე სახის შეხება არ ჰქონია.

უფლებადამცველი „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუს დროს ბარბაქაძის ჩვენებას იხსენებს, რომლის მიხედვითაც ადვოკატი მის ბრალეულობას გამორიცხავს.

გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ თენგო ბარბაქაძე აგარაკის გარეთ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა, რომელიც რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა, თუმცა იმ დაპირისპირებაში გიორგი შაქარაშვილი არ ყოფილა.

„დაპირისპირება დაიწყო ჯერ კიდევ აგარაკის შიდა ტერიტორიაზე. თენგო იყო შიგნით და მოესმა იუბილარი გოგონას ხმა რომ გაჩერებულიყვნენ. როცა გარეთ გამოვიდა, დაინახა, რომ რამდენიმე პიროვნება, დაახლოებით 5-6 კაცი მის მეგობარს ურტყავდა.

ამ დროს, როგორც ის მიყვება, მოკიდეს ქეჩოში ხელი და ათრიეს მთელ ეზოში. მან მიიღო დაზიანება ფეხზე და ხელზე. შემდეგ ფორთხვა-ფორთხვით წავედი მანქანამდეო, რამდენიმე მეგობარი ჩავსხედით ამ მანქანაში და გავეცალეთ ტერიტორიასო.

ეს ავტომობილი იყო ტატიაშვილის. როგორც ტატიაშვილმა განაცხადა, ის არ იღებდა მონაწილეობას ამ დაპირისპირებაში. მე დავრწმუნდი ამაში, როდესაც ვნახე ხიდთან ჩანაწერი, ტატიაშვილი არ იღებს მონაწილეობას ფიზიკურ დაპირისპირებაში.

შემდეგ ისინი გამოემართნენ თბილისისკენ მანქანით. თბილისის მისადომებთან ​ორმა მეგობარმა დაურეკა და უთხრა, რომ ისევ იქ იყვნენ, ჩაგრავდნენ და მათზე ფიზიკური ზეწოლა მიდიოდა. 

ამის შემდეგ მათ მოაბრუნეს მანქანა და უკან დაბრუნდნენ. დაბრუნების მომენტში დაინახეს ის ხალხი, რომლებმაც მათზე იძალადეს. გააჩერეს ავტომობილი და იქ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რომელიც მაქსიმუმ 25-30 წამის განმავლობაში გაგრძელდა. შემდგომ ჯდებიან ავტომობილში და მოდიან თბილისის მიმართულებით.

რაც შეეხება შაქარაშვილს, გეტყვით, რომ შაქარაშვილს არანაირ დაპირისპირებაში მონაწილეობა არ მიუღია. რაც შეეხება ხიდის ეპიზოდს, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, რომ იქ შაქარაშვილი საერთოდ არ უნახავს.

რომც დაენახა, მასთან ვერც ექნებოდა რაიმე კონფლიქტი, იმიტომ რომ ის არ იყო კონფლიქტის მონაწილე და არც გამოუხატავს რაიმე აგრესია,“ – ამბობს გიორგი ფოფხაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×