
აზიური ფაროსანა, რომელიც საქართველოში 2016 წელს საქართველოს სოფლის მეურნეობის პრობლემად იქცა, უკვე დამარცხებულია და მისი ზიანი მინიმუმამდეა დაყვანილი. ეს პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრმაც დაადასტურა. ახლა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მთავარი მიზანი, ამ შედეგის შენარჩუნებაა.
წლების წინ ზიანი ყველაზე მეტად სასოფლო სამურნეო კულტურებს და კერძოდ, თხილის მოსავლიანობას მიადგა. 2017-18 წლებში მოსახლეობამ თხილის ძალიან მცირე მოსავალი მიიღო, მაგრამ ვითარება შარშან შეიცვალა და ახლა ტენდენციის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. თხილის მოსავლის მიღებამდე ცოტა დრო რჩება და ფერმერებს უკვე 4 წამლობა ჩატარებული აქვთ. შედეგად საქართველო წელს მაღალი ხარისხის თხილის დიდ მოსავალს მიიღებს, რომლის ფასიც, სავარაუდოდ, 8-9 ლარი იქნება, მოსავალი კი - 50 000 ტონა, რაც 2019 წელთან შედარებით, 10 000 ტონით მეტია.
საქართველოს პრემიერ-მინიტრმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას ხაზი გაუსვა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის მიღწევები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ არის აღიარებული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლები გაწეული შრომისთვის მადლობას იმსახურებენ.
"დღეის მდგომარეობოთ, შეიძლება ითქვას, რომ აზიური ფაროსანას პრობლემა ქვეყანაში არის დაძლეული. ამას საერთაშორისო შეფასებებიც მოჰყვა და FAO-მ საქართველოს პრაქტიკა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლაში დაასახელა ერთ-ერთ საუკეთესოდ. ჩვენებს, უბრალოდ, არ სცალიათ, თორემ მათ ბევრგან ეძახიან ამ გამოცდილების გასაზიარებლად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ფაროსანა არსად გამქრალა, თუმცა მისი მართვა შესაძლებელი გახდა - ასეთია ქვეყნის მთავარი ფიტო სანიტარის განმარტება. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია, ,,რეზონანსთან“ საუბრისას პრემიერს მადლობას უხდის ამ ფაქტის ხაზგასმისთვის.
,,ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების შედეგი უკვე 2019 წელს გამოჩნდა. კარგი მოსავალი მიიღეს ფერმერებმა და ფაქტობრივად თხილში და სიმნიდში დაზიანება არ აღნიშნებოდა. 2016-2017 წლებში გლეხებმა იწვნიეს საკუტარ ბარებზე და მოსავალზე, ამ მავნებლის უარყოფითი ზეგავლენა. მიმდინარე წელს, მარტში დავიწყეთ ღონისძიებები, იმ რეკომენდაციების საფუძველზე, რომელიც შემუშავებულია უცხოელ ექსპერტებთან ერთად. ეს პირველ ეტაპზე მოიცავდა მონიტორინგის სისტემის გამართვას და დაკვირვებას, რათა დაგვედგინა ზუსტი თარიღი როდის გამოდის მოზამთრეობიდან მავნებელი, როგორია მისი პოპულაციის საზღვრები, მოიცვა თუ არა სხვა არეალები საქართველოში და რა რიცხოვნობით იქნებოდა მიმდინარე გაზაფხულზე.
მეორე ეტაპზე, "მოიზიე და გაანადგურე სადგურები დამონტაჟდა. მესამე ეტაპი კი ივლისში დაიწყება - თერმული ნისლით დამუშავება იმ არეალებში, სადაც მაღალი პოპულაცია დაფიქსსირდება. ღონისძიებები გაგრძელდება ივლისი-აგვისტო-სექტემბერშიც. ბოლო ფაზა ჩვენი ღონისძიებებისა, ეს არის ზამთრისთვის გადაადგილებული მავნებლის რიცხოვნობის შემცირება.
დიდი მადლობა პრემიერს, რომ აღნიშნა, ის ფასდაუდებელი გამოცდილება, რომელსაც "ფაო"-მაც გაუსვა ხაზი. საქართველო ლიდერი ქვეყანაა, აზიურ მავნებელთან ბრძოლაში და მოუწოდა სხვა ქვეყნებს გაიზიაროს ჩვენი გამოცდილება. მავნებელი არსად წასულა, მაგრამ მისი პოპულაცია ისეთივეა, როგორიც სხვა მწერებისა, რომლებიც ენდემურ სახეობებად იქცნენ და მათი მართვა შესაძლებელია“, - განუცხადა ლიპარტიამ ,,რეზონანსს“.
აზიური ფაროსანა და სხვადასხვა სოკოვანი დაავადებები თხილის პლანტაციებში 2016 წელს გაჩნდა, რის შედეგადაც ქართულმა თხილმა საექსპორტო პოზიციები დათმო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის გელა ხანიშვილის ინფორმაციით, აზიურ ფაროსანასთან ბრძოლოს ფარგლებში სახელმწიფოს მიერ 100 მილიონი ლარია დახარჯული და წელს შედეგები უნდა შთამბეჭდავია.