
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გია ვოლსკის შეფასებით, დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყველა მნიშვნელოვან და ძირითად კითხვას პასუხი გასცა.
მან ოპოზიცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მათი მხრიდან უფრო კრიტიკულ შეკითხვებს მოელოდა.
"საკმაოდ ვრცელი მოხსენება იყო, პრაქტიკულად ყველა დარგი გადაფარა, მოველოდი უფრო კრიტიკულ შეკითხვებს "ნაციონალური მოძრაობისგან" და არამარტო "ევროპული საქართველოსგან", ეს ძველი ოპოზიცია, ცალკე "კლასტერია" შექმნილი. ადრე ჰქონდათ რესურსი და სადისტები იყვნენ და ახლა მაზოხისტები გახდნენ. არასწორ შეკითხვებს სვამენ არასწორი კუთხით, თორემ მეც მაინტერესებს, თუკი ევროპულმა ქვეყნებმა გახსნეს ფრენები, საქართველოს რა პოზიცია აქვს ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ კითხვას ისეთი ნიშნისმოგებით და ისეთი ფორმით სვამენ, რომ ვფიქრობ, პოლიტიკური სპეკულაცია მეტია, ვიდრე საქმიანი დამოკიდებულების სურვილი", - აცხადებს ვოლსკი.
ცნობისთვის, დღეს პარლამენტში პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ.