რეზონანსი
26.06.2020

ჟურნალისტი ნანა აკობაძე19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ეხმაურება და შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

„დღეს დაკრძალეს დაბადების დღეზე წასული 19 წლის ბიჭი. მოკლეს, მოაკვლევინეს, აიძულეს, მომკვდარიყო – მხოლოდ იურიდიულად აქვს ამ დეფინიციებს მნიშვნელობა.

სამი ბიჭი მყავს, სხვადასხვა ასაკის. დადიან და წავლენ დაბადების დღეებზე, მათ შორის ნაქირავებ სახლებშიც; ჩემი სახლიც რამდენჯერ დამითმია უფროსი ბიჭისთვის და მისი მეგობრებისთვის, მამამისი კი ეზოში, მანქანაში მჯდარა დილამდე, ისე, რომ მათ არც გაუგიათ.

მაგრამ ნათელია, რომ რაღაც ასაკის მერე მამა და დედა ვერ გაჰყვებიან შვილებს დაბადების დღეებზე და ამაზე არაა პოსტი. პოსტი იმაზეა, შვილი რომ დაბრუნდება წვეულებიდან, სადაც წუხელ დიდი ჩხუბი მოხდა და თვითონ თუ არ გეტყვის, შენით რომ ვერაფერს შეატყობ სახეზე, ქცევაზე, ხასიათზე…

იმ საბედისწერო დაბადების დღეზე მყოფი გოგოების და ბიჭების, მათ შორის იუბილარის ქალბატონო დედებო, დიდი ალბათობით, ამ ასაკის ახალგაზრდები ჩვენთან ცალკე არ ცხოვრობენ და სახლში რომ მოგივიდათ ნაჩხუბარი და დასტრესილი შვილები, დავიჯერო, ვერაფერი შეატყვეთ? ჩემი შვილი ახლა შორსაა, "მესინჯერით" ვკონტაქტობთ და "ხო"-ს რომ მომწერს, უკვე ვხვდები, როგორ ხასიათზეა და თქვენ? დავიჯერო, ასე გაქვთ დაკარგული ემოციური კავშირი შვილებთან?

თუ ასეა, მაშინ თქვენც გისამძიმრებთ იმ ანგელოზივით ბიჭის მშობლებთან ერთად – თქვენ უფრო ადრე დაგიკარგავთ შვილები და ვერ მიმხვდარხართ. მაგრამ, სამწუხაროდ, უფრო ის მგონია, რომ ყველამ ყველაფერი იმ ღამესვე იცოდით, იცით და დუმხართ. ამასაც გისამძიმრებთ,“ – წერს ნინო აკობაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×