
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე მზისგან დამწვარი 2 პაციენტი გადის მკურნალობას, მათგან ერთ-ერთი მცირეწლოვანია.
ქაშიბაძის თქმით, აუზზე ყოფნის დროს 4 წლის ბავშვმა კანის ტიპიდან გამომდინარე, მოკლე დროში მზისგან სერიოზული დამწვრობა მიიღო.
როგორც მედიკოსმა აღნიშნა, მცირეწლოვანი ახლა მკურნალობას დამწვრობის ცენტრის ქირურგიულ განყოფილებაში გადის და მისი მდგომარეობა სტაბილურია.
„ამ დროისთვის კლინიკაში ორი პაციენტი გვყავს, ერთი არის 19 წლის ქალი და მეორე 4 წლის ბავშვი. არასრულწლოვანი დედას აუზზე მცირე ხნით ჰყავდა, თუმცა დაემთხვა ისიც, რომ თეთრი კანი აქვს და საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მიიღო. ბავშვს მთელი ზურგი და ბეჭები აქვს დამწვარი. ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია, ის დამწვრობის ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული. წელს სულ 20 პაციენტი გვყავდა, ვისაც სტაციონალური მკურნალობა დასჭირდა, ხოლო 45 პაციენტს ამბულატორიული დახმარება გავუწიეთ," - განუცხადა ქაშიბაძემ PIA.GE-ს.