
ხანდახან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება, - ასე ეხმიანება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, სადაც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში წამყვან უწყებად დასახელდა.
როგორც დეპუტატი ამბობს, ანგარიშს არ იცნობს, თუმცა, იქ მართლაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.
„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს გავეცნობით, თუ მართლა ასე თქვეს, მათ გასაგონად ვამბობ, რომ სუსი არის „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ძალოვანი შემადგენელი ნაწილი. ასევე სუსი არის საარჩევნო კამპანიის მთავარი მოტორი და ის, რითაც „ქართული ოცნება" ატარებს არჩევნებს, რომლის მთავარი შინაარსია - მოსყიდვა, დაშინება, მუქარა, ადმინისტრაციული რესურსების და ივანიშვილის ფულის გამოყენება. სუს-ს საკუთარი ფინანსური, ადმინისტრაციული, საკადრო რესურსების 90 პროცენტი მიმართული აქვს პოლიტიკური ოპონენტების დევნისა და თვალთვალისკენ და არა იმისკენ, რომ ჯაშუშებს ებრძოდნენ. რვა წლის მანძილზე რომელი ერთი ჯაშუში გამოავლინა სუს-მა? ერთი გვარი დამისახელეთ, ან მინიშნება გააკეთეთ და ვიტყვი, სუს-ი მისი საქმიანობის 90 პროცენტს კი არ ახმარს პოლიტიკურ საქმიანობას, არამედ 89-ს", - განაცხადა გოცირიძემ.
კითხვაზე, როგორ ფიქრობს, ცდება თუ არა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეფასებაში, გოცირიძე ამბობს, რომ შეუცდომელი არავინაა.
„ხანდახან, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი კი არა, ღმერთიც ცდება. წვიმას ისეთ დროს მოგვივლენს, რომელიც აბსოლუტურად არ იყო საჭირო. შესაძლებელია, ცდება. ეგზიუპერი ამბობდა, რომ სრულყოფილი არაფერია ქვეყნად. შეუცდომელი არავინ არის ქვეყნად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი თუ შეცდა სუსი-ს შეფასებაში, რა პრობლემაა ამაში? ჩვენ ხომ უკეთესად ვიცით, სუსი არის „ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ძალოვანი ნაწილი", - განაცხადა გოცირიძემ.