რეზონანსი
25.06.2020

საერთაშორისო ვიზიტორების საკითხს ივლისის ბოლომდე ალბათ ფრთხილად მოვეკიდებით, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც ცნობილია, მთავრობას საერთაშორისო ტურიზმის გახსნა 1 ივლისს ჰქონდა დაანონსებული, თუმცა ეს გადაწყვეტილება გადაიხედა.

„ჩვენ ტურიზმთან დაკავშირებით ამოვდივართ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის უფლების პრიორიტეტიდან. ეს არის ნომერ პირველი ამოცანა და ამ ამოცანიდან გამომდინარე, ჩვენ ივლისშიც ძალიან ფრთხილად მოვეკიდებით საერთაშორისო ვიზიტორების და საერთაშორისო ტურისტების საკითხს. აქ იქნება რამდენიმე მიმართულება - ერთი არის ბიზნეს ვიზიტორებისთვის და სტუდენტებისთვის ცალკე წესი შემუშავდა და აქ იქნება უფრო დაცული რეგულაციები, მაგრამ უფრო გამარტივებული შემოსვლა ჩვენს ბაზარზე. ასევე ველოდებით ამ დღეებში, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, რომელმაც ჯერჯერობოთ მხოლოდ საკუთარი წევრებისთვის გახსნა საზღვარი და ამ დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას არაწევრ ქვეყნებთან მიმართებაში. ანუ ტურიზმთან მიმართებაში ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყნების ეპიდემილოგიურ ვითარებას და ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განმარტებით, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეების გარკვეული კატეგორიისთვის(სამკურნალოდ, სამუშაოდ, სასწავლებლად ჩასულებისთვის) გააუქმოს სავალდებულო კარანტინის მოთხოვნა.

რაც შეეხება ფრენების აღდგენის საკითხს, როგორც თურნავა ამბობს, რეგულარული ფრენების აღდგენის საკითხი სავარაუდოდ ივლისის ბოლომდე გადაიწევს, თუმცა ჩარტერული რეისები საკმაოდ რეგულარულად შესრულდება.

„რაც შეეხება ფრენებს, ჩვენ დიდი ალბათობით მოგვიწევს რეგულარული ფრენების გადაწევა ივლისის ბოლომდე, თუმცა ჩარტერული, საკმაოდ რეგურალური ფრენები დღესაც ხორციელდება, ივლისშიც განხორციელდება და ამ პრაქტიკას გავაგრძელებთ ჯანდაცვვის და საგარეო საქმეთა სამინისტროებთან ერთად", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×