რეზონანსი
25.06.2020

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოკითხული მორაგბეების ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, როდესაც მისი დაცვის ქვეშ მყოფები საქმეში ჩნდებიან, გიორგი შაქარაშვილი უკვე იქ აღარ იმყოფებოდა და ვერსია, რომ ბოლოს მისი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება.

"მოგეხსენებათ, გუშინ ერთ-ერთი მოწმე გამოვიდა და იმ გარემოებებზე ისაუბრა, რაც მან საკუთარი თვალით დაინახა. კონკრეტულად მან თქვა, რომ მანქანა, როდესაც გაჩერდა, ამასობაში ორი ადამიანი გაიქცა, სულ ექვსნი იყვნენ, ხოლო ის ორი ადამიანი, რომელიც გაიქცა, თვითონ და გიორგი შაქარაშვილი იყო. ლოგიკას რომ გავყვეთ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფენი, როდესაც აღნიშნულ საქმეში ჩნდებიან და „ტოიოტა ქამრის" ავტომანქანით გადაადგილდებიან, უკვე გიორგი იქ არ იმყოფება, ე.ი. ვერსია, რომ ბოლოს ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა ნახეს შაქარაშვილი, რეალობას არ შეესაბამება. ფაქტია, რომ აღნიშნულმა პირმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომ ბოლო მანქანის მისვლამდე გიორგი იქ არ იყო", - განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ.

რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ მის დაცვის ქვეშ მყოფებს და რატომ ჩავიდნენ ისინი ადგილზე, კობაიძე პასუხობს, რომ მათი მიზანი ინტელექტუალური დახმარება იყო.

გარდა ამისა, კობაიძე ასევე აცხადებს, რომ რკინის ხელკეტი მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების მანქანიდან „ტოიტოა ქამრიდან" არ არის ამოღებული და მისი ინფორმაციით, ის „მერსედესის" მარკის ავტომობილიდან ამოიღეს.

„მერსედესში" ვინც ისხდნენ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებს დაურეკეს და უთხრეს, რომ მისიანებს ეძებდნენ და სწორედაც ეძებდნენ იმიტომ, რომ კონფლიქტი აერიდებინათ. როგორც ირკვევა, რკინის ხელკეტი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანიდან არ არის ამოღებული, მე რა ინფორმაციაც მაქვს, „მერსედესის" ტიპის ავტომანქანიდან ამოიღეს. ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანაში ექვსი პირი იჯდა. მათი სულისკვეთება დახმარება და საქმის „მოგვარება" იყო, არ აფიზიკურად დახმარება, არამედ-ინტელექტუალურად და ინტელექტუალური დახმარება თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ, როდესაც გუკა მანქანაში ჩაისვეს ფაქტია, რომ მას კარგად ექცევიან, ამშვიდებენ და აწყნარებდნენ. გუკა ამირხანაშვილიც საუბრობს, რომ მასსა და ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების მანქანაში მსხდომ ადამიანებს შორის კონფლიქტი არ ყოფილა და დაზიანები საიდან მიიღო მან, ეს უკვე ცალკე საკითხია", - დასძინა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×