რეზონანსი
25.06.2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ უცნობი ძაღლის მიერ გაკაწვრის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. როგორც გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ადამიანი მხოლოდ მაშინ უნდა აიცრას, როცა ის დაიკბინება ან დაიდორბლება უცნობი ცხოველის მიერ. ამასთან, ცოფის ვაქცინას, წინასწარ, პრევენციული დანიშნულება არ აქვს.

„ცოფი არის ერთადერთი დაავადება, რომელიც 100%-ით არის სასიკვდილო. ჯერჯერობით, კაცობრიობამ ცოფის საწინააღმდეგოდ ვერც ერთი წამალი ვერ გამოიგონა. ცოფი თუ განვითარდა ადამიანში, სამწუხაროდ, ვერაფერს უშველით. ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი აღმოჩენა, რაც კაცობრიობის და მედიცინის ისტორიაში არის, ესაა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა. 

ცოფი უკვე აღარ აწუხებს ცივილიზებულ სამყაროს, ცოფი აწუხებს განვითარებად ქვეყნებს. ჩვენ სერიოზული ნაბიჯები გადავდგით. 2015, 2016, 2017- ეს სამი წელი ცოფის შემთხვევა ადამიანში არ გვქონია და ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა. 2018 წელს იყო 2 შემთხვევა, აქედან ერთი იყო ჩვენ მიერ არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან, რის შემდეგაც აფხაზეთს ჩვენ ვაქცინებით დავეხმარეთ და 2019 წელს ერთი შემთხვევა გვქონდა, ისიც არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან.

წელს ჯერჯერობით არ გვაქვს ადამიანში ცოფის შემთხვევები, მაგრამ ცუდი ნიშანია, რაც გამოჩნდა რომ ქალაქში, ძაღლებში გამოჩნდა ცოფი. მე ბევრჯერ მოვუწოდე და კიდევ მოვუწოდებთ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურებს, მაწანწალა ძაღლებთან დაკავშირებით. ასევე, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გააქტიუროს კვლევები და აცრები. ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ უცნობი ძაღლის მიერ გაკაწვრის შემთხვევაში მიმართონ შესაბამის დაწესებულებებს. ყველაზე მეტი აცრა მოდის ხოლმე პატრონიან ძაღლებზე. საჭიროა შინაური ცხოველების აცრა და ეს კულტურა უნდა დაინერგოს ქვეყანაში," - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ცოფის აცრა არ არის ისეთი აცრა, რომელიც წინასწარ უნდა გაკეთდეს მეტი ეფექტიანობისთვის.

„პრევენციულად ცოფის წინააღმდეგ ის ადამიანები იცრებიან, რომელთაც მუდმივად აქვთ ცხოველებთან შეხება. მაგალითად ზოოპარკის თანამშრომლები, მონადირეები და ა.შ. უნდა აიცრას ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ის დაიკბინება ან დაიდორბლება უცნობი ცხოველის მიერ. ძაღლი საშიშია მხოლოდ მაშინ თუ დაუზიანა ადამიანს კანი," - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×