
ეკონომიკის ამუშავების შემდეგ ადგილობრივი ბიზნესი მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. საწარმოებისთვის ახლა ყველაზე რთული ვითარებაა, რადგან კორონავირუსმა მათი ნაწილი საბოლოოდ გააკოტრა. მართალია, ეკონომიკური საქმიანობა აღარ იზღუდება, თუმცა პანდემია, რეგულაციები და მომხმარებლის შემცირება ბიზნესზე ძალიან ცუდად აისახა. საქართველოში კომპანიების დახურვა დაიწყო.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიური საქმიანობა აღდგა და თვეზე მეტია, აღარ იზღუდება, ბიზნესი მაინც მძიმე ვითარებაშია. როგორც მოსალოდნელი იყო, კრიზისული ვითარების შემდეგ, მცირე და საშუალო ბიზნესს ძალიან დიდი პრობლემები შეექმნა და მათი უმეტესობა დაიხურა ანდა გაკოტრების გზას ადგას.
საქართველოში შექმნილი კრიზისის გამო, ქუთაისში მდებარე ქართული სამკერვალო კომპანია "ემჯიემტექსი", რომელიც პროდუქციას საერთაშორისო ბრენდებისთვის კერავდა, გაკოტრდა. კომპანიაში, რომელიც წლიურად 6 მილიონ ერთეულ ტანსაცმელს აწარმოებდა, 280 ადამიანი იყო დასაქმებული, რომლებიც ახლა სამსახურის გარეშე დარჩნენ.
“ემჯიემტექსის” ბედი, სამწუხაროდ, უამრავმა ადგილობრივმა ბიზნესმა გაიზიარა. მაგალითად, ძალიან რთული ვითარებაა სარესტორნო ბაზარზე.
რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი კოტე გაბრიჩიძე ამბობს, რომ სარესტორნო ბიზნესი დახურვის პირასაა, რაც სრულად ხელისუფლების მხრიდან რეალურობას მოწყვეტილი მიდგომების „დამსახურებაა“.
“ძალიან რთულია ვითარება სარესტორნო ბაზარზე მას შემდეგ, რაც მუშაობის აღდგენის ნებართვა მოგვეცა. ამის მიზეზი არის მთავრობის მხრიდან ნულოვანი თანადგომა. დათქმული პირობები, რომლებიც შეთანხმებული გვქონდა, აბსოლუტურად დარღვეულია და დღეს სარესტორნო ბიზნესი ალალბედზეა. უბრალოდ, დროის საკითხია, რამდენ ხანში გაკოტრდება ეს სექტორი. გახსნისას ვიყავით ძალიან ოპტიმისტურად, მაგრამ ვხედავთ, რომ ახლა ყველა მცდელობაა, ეს ბიზნესი განადგურდეს“, - განაცხადა “რეზონანსთან” ასოციაციის ხელმძღვანელმა.
შეზღუდვების მოხნის შემდეგ, იყო პოზიტიური მოლოდინი, რომ ყველაფერი წესრიგს დაუბრუნდებოდა, თუმცა ეს მოლოდინი არ გამართლდა და კერძო სექტორი ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა.
ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე მიიჩნევს, რომ მსგავსი სურათი გასაკვირი არც უნდა იყოს.
“ქვეყანაში მთელი სამი თვით ცხოვრება გაჩერდა. შესაბამისად, შემცირდა მოხმარება, რაც ნიშნავს იმას, რომ პროდუქტებზე მოთხოვნა მცირდება. შესაბამისად, ნებისმიერ ბიზნესს, ამა თუ იმ ფორმით, ექმნება პრობლემები.
პანდემია პირდაპირ შეეხო გარკვეულ მიმართულებას და მათ საქმიანობა შეუფერხა. ტურიზმზე საუბარიც კი ზედმეტია, ეს სექტორი პირდაპირ გაანადგურა პანდემიამ. მძიმე დღეშია სამშენებლო სექტორიც, სადაც სერიოზული პრობლემები იქნმება, რადგან სამი თვით გარკვეული პროექტების გაჩერებამ შეაფერხა მათი საქმიანობა. ვალდებულებების ნაწილში მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა. უძრავ ქონებაზე რომ მოთხოვნა მინიმალურია, ესეც ფაქტია.
ადრე თუ ხალხი ყიდულობდა გარკვეულ პროდუქტებს, ისინი დღეს უარს ამბობენ, რადგან კრიზისულ პერიოდში მათ გაუქრათ შემოსავლები და დარჩათ ხარჯები. იმ სამი თვის განმავლობაში ვალით ცხოვრება დღეს არის გასასტუმრებელი. მოკლედ, საუბარიც არ უნდა იმას, რომ ბიზნესს ექმნება სერიოზული პრობლემები. იგივე ეხება გადმორიცხვებსა და ტურიზმთან დაკავშირებულ ბიზნესს, რომელიც პირდაპირ იყო დაკავშირებული ეკონომიკურ აქტივობასთან. ასეთ ვითარებაში ის უფრო გამიკვირდებოდა, რომ ასეთი მდგომარეობა არ ყოფილიყო.
ვხედავთ მთავრობის გარკვეულ გრძელვადიან გეგმებს იგივე სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოებასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება, გარკვეულწილად, დააბალანსოს ვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ მოკლე პერიოდში ყველას ექნება პრობლემები და ძალიან ბევრი ბიზნესი გაკოტრდება. ამას უნდა შევეგუოთ, რადგან ეს არის გარდაუვალი”, - უთხრა “რეზონანსს” ზურაბ კუკულაძემ.
ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ კომპანიები, რომლებიც კოტრდება, უამრავ ადამიანს ტოვებს შემოსავლის გარეშე. ეს ხალხი უსამსახუროდ რჩება, თანაც - რამდენიმე თვეში უკვე მეორედ. ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი პირდაპირ ამბობს, რომ კერძო სექტორში მდგომარეობა უმძიმესია.
“ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ჩვენ გვაქვს კონკრეტული ბიზნესსექტორები, რომლებიც დღემდე არ გახსნილა. მათ მუშაობის უფლებას არ აძლევენ. ამით უკვე ყველაფერი ნათქვამია. კერძო სექტორი უმძიმეს მდგომარეობაშია.
მეორე საკითხია და შესაძლოა, ვიდავოთ იმ პაკეტებსა და დახმარების მიმართულებებთან დაკავშირებით, რომლებიც მთავრობამ კერძო სექტორის მხარდასაჭერად აამუშავა. როდესაც გვაქვს არაერთი სექტორი, რომლებსაც დღემდე მუშაობის უფლებას არ აძლევენ, დამთავრებულია ყველაფერზე მსჯელობა. მათი მდგომარეობა უმძიმესია”, - განუცხადა “რეზონანსს” პაატა ბაირახტარმა.