
საქართველოში საწვავის გაძვირება დაიწყო. არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე ბენზინის ფასმა ბოლო პერიოდში 20 თეთრით მოიმატა და დღეის მდგომარეობით 1 ლიტრის ფასი 1.55-1.59 ლარის ფარგლებში მერყეობს. ამის შემდეგ არსებობს მოლოდინი, რომ საწვავის ღირებულება ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზეც გაიზრდება.
მასშტაბური გაიაფებისა და რეალიზაციის კლების შემდეგ, როგორც კი ეპიდემიური სიტუაცია გამოსწორდა, ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე ტენდენცია შეიცვალა და ახლა 1 ბარელი ნავთობის ფასი 42 დოლარს შეადგენს. შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკის თანდათან ამუშავებამ ნავთობპროდუქტების ბაზრის ტენდენცია შეცვალა.
ახლა გასარკვევია, როგორი ვითარება იქნება სამომავლოდ ნავთობპროდუქტების ბაზარზე და შესაძლოა თუ არა, რომ საწვავის ფასმა გაძვირება ისევ გააგრძელოს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის, ვანო მთვრალაშვილის ინფორმაციით, ახლა პროგნოზის გაკეთება საკმაოდ რთულია, რადგან უცნობია, სამომავლოდ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით როგორი ვითარება იქნება.
“პანდემიის გამო, მარტის ბოლოდან ნავთობზე ფასების მკვეთრი შემცირება იყო მთელ მსოფლიოში. ძირითადი მიზეზი კი კოვიდ-19 და მისგან გამოწვეული ნეგატიური შედეგები გახლდათ, ეს მსოფლიო ეკონომიკას შეეხო. ამის გამო ისტორიაში ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა, თუმცა უკვე ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობის ფასის პერმანენტული მატება აღინიშნება და შეიძლება ითქვს, რომ მიმდინარე ეტაპზე, მარტის შემდგომ, ნავთობის ფასი არის ყველაზე მაღალ ნიშნულზე. ეს განპირობებულია იმით, რომ რიგმა ქვეყნებმა გააუქმეს კარანტინი, ეკონომიკის სხვადასხვა დარგი გაიხსნა და შესაბამისად, ამ პროცესებმა გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნის ზრდა.
გარდა ამისა, ოპეკი პლუსის შეთანხმების შედეგად ნავთობის ყოველდღიური მოპოვება 9.7 მილიონი ბარელით შემცირდა. რა თქმა უნდა, ამანაც თავისი გავლენა მოახდინა ბაზარზე და ფაქტობრივად, ბოლო პერიოდში, საშუალოდ ერთი თვის განმავლობაში, ფასი მატულობს.
უნდა ითქვას ისიც, რომ საერთაშორისო ფასები "პლატცის" მიხედვითაც მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.
ადგილობრივ ბაზარზე მისი გავლენა კი აისახა იმ კუთხით, რომ არაბდენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე დაფიქსირდა ფასის მატება, საშუალოდ, 10 თეთრით. ჯერჯერობით ბრენდირებულ აგს-ებში ცვლილება არ შეინიშნება.
მიმდინარე ეტაპზე ნავთობის ფასის პროგნოზი, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რადგან იგი სამომავლოდ დაკავშირებული იქნება კორონავირუსის მასშტაბებთან. ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ იზრდება, ანუ პანდემია ისევ გრძელდება. შესაბამისად, მისი გავლენა, რა თქმა უნდა, ისევ დიდია მსოფლიო ეკონომიკაზე.
არა მხოლოდ მსოფლიოში, არამედ ჩვენთანაც რთულია პროგნოზის გაკეთება. ფაქტი ერთია, არაბრენდირებულ სადგურებში ნავთობის ფასი უკვე გაიზარდა და ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ უახლოეს პერიოდში მეტ-ნაკლებად სტაბილური ვითარება იქნება. პარალელურად, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ლარის კურსიც, რომელიც ასევე მთავარი მდგენელია საწვავის ფასის ფორმირების პროცესში”, - განუცხადა “რეზონანსს” ვანო მთვრალაშვილმა.
ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამოსწორების შემდეგ, ნავთობპროდუქტების ბაზარს გამოცოცხლება დაეტყო. ქვეყნების მხრიდან კარანტინის მოხსნა და ეპიდემიის გამო გაჩერებული ეკონომიკის გახსნა-ამუშავება ნავთობოპროდუქტების ბაზრისთვის გამოსავალი აღმოჩნდა და ბიზნესი თანდათან ჩვეულ ტემპს უბრუნდება.
კომპანია "სენტა პეტროლეუმის" დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე მიიჩნევს, რომ ნავთობპროდუქტების ღირებულების საკითხი დღეს კოვიდ-19-ზეა დამოკიდებული. თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება, ფასი გაიზრდება, გაუარესების შემთხვევაში კი დაიკლებს.
“პანდემიამ ბაზარზე იმდენად იმოქმედა, რომ მოხმარება მინიმუმამდე შეამცირა. მაგალითად, იმ პერიოდში მანქანების მოძრაობა შეზღუდული იყო და ბუნებრივია, საწვავის მოხმარება პირდაპირ კავშირშია ამასთან. პანდემიის შემდგომ პერიოდში კი მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა და გაძვირებაც სახეზეა. პირველ რიგში, ცვლილებები არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებს ეხებათ, რადგან ისინი ძალიან სწრაფად გამოეხმაურნენ ფასის ვარდნას.
ახლა კი საპირისპირო პროცესის მომსწრენი ვართ. რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ღირებულება გაიზარდა, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე ფასის ზრდა დაიწყო. ეს სეგმენტი, ბრენდირებულ ბენზინგასამართი სადგურებისგან განსხვავებით, ძალიან სწრაფად რეაგირებს როგორც ფასების დაცემაზე, ასევე მატებაზეც.
თუ ასეთი ვითარება გაგრძელდა, რა თქმა უნდა, ფასების კიდევ უფრო გაზრდა იქნება მოსალოდნელი, მათ შორის - უკვე ბრენდირებულ სადგურებზეც. თუ ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუარესდება, რა თქმა უნდა, ფასი დაიკლებს და ეს ცვლილება ქართულ ბაზარზეც აისახება”, - განუცხადა “რეზონანსს” ზაალ იაკობიძემ.