
გიორგი შაქარაშვილი საქმეზე არაერთი მოწმე დაკითხა გამოძიებამ და მათ შორის ის პირები, ვინც სპეციალურად თბილისიდან მცხეთაში საქმის გასარჩევად ჩავიდნენ. მათ შორის "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და ის პირები, ვისაც იმ საბედისწერო დღეს გიორგი შაქარაშვილი გაექცა, ხოლო მისი მეგობარი გურამ (გუკა) ამირხანაშვილი ჩაისვეს მანქანაში. როგორც ჩანს, გამოძიებას მათთან შეკითხვები აქვთ და არ არის გამორიცხული მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეც კი აღიძრას. მათი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ ეს პირები ამჟამად მოწმის სტატუსით იკითხებიან.
"ვადასტურებ, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები თბილისიდან სპეციალურად ჩავიდნენ, გადაადგილდებოდნენ "ტოიოტა ქამრით", ვერ მიუსწრეს მოჩხუბრებს, ვიდრე ჩავიდნენ, კონფლიქტი დასრულდა. გზაზე შეხვდნენ ცხონებული და მისი სამი მეგობარი, ამათ მანქანა რომ გააჩერეს, სამი გაიქცა გაურკვეველი მიმართულებით, დარჩა ერთი და წამოიყვანეს თბილისის მიმართულებით. ამის შემდეგ ქრება ბიჭის კვალი.
ვინაობის დასახელება არ გვინდა იმიტომ, რომ იმედი გვაქვს, მათ ბრალს არ წაუყენებენ, მათ კონფლიქტში მონაწილეობა არ მიუღიათ. ვადასტურებ, რომ თბილისიდან სპეციალურად ჩავიდნენ. ჩხუბი სადაც იყო, იქ იყვნენ შედარებით ახალგაზრდები - 19 წლისები შეკრებილები, მე და ჩემი კოლეგა კი ვისაც ვიცავთ, ისინი 25 წლის ბიჭები არიან. მათ უნდოდათ როგორმე ეს საკითხი დაერეგულირებინათ და წამოეყვანათ ბავშვები. თბილისიდან ჩასულები ჩხუბში მონაწილეების უბნელები - "ნახალოვკელები" არიან.
ჩემი დასაცავები მოქმედი სპორტსმენები არიან. შეგნებულად არ გეტყვით სპორტის რომელ სახეობაში, რადგან მათ ბრალი არ აქვთ წარდგენილი. არ მინდა მათი ვინაობა გაჟღერდეს", - განუცხადა "კვირის პალიტრას" ალექსანდრე კობაიძე.
კვირის პალიტრა