"რამდენად მოესწრება, არ ვიცი, ეს თანხები ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს"
გვანცა წულაია
23.06.2020

ივლისის დასაწყისიდან მთავრობა იპოთეკური სესხების სუბსიდირებას დაიწყებს. წლის ბოლომდე საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის ბანკიდან გამოტანილ თანხას სახელმწიფო დააფინანსებს. ახლა დღის წესრიგში მხოლოდ ერთი კითხვაა - რამდენად მოესწრება პროგრამის 1 კვირაში ამოქმედება, რადგან ცვლილებები ჯერ არსად განხორციელებულა.

იპოთეკური სესხების სუბსიდირება შეეხება უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც 2020 წლის ბოლომდე გაფორმდება. მთავრობის მიზანია, რომ სესხების სუბსიდირებით, უძრავი ქონების ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირებას ხელი შეეწყოს.

სუბსიდია შეეხება ყველა იმ სასესხო ხელშეკრულებას, რომლებიც გულისხმობს 200 ათას ლარამდე სესხის აღებას. სუბსიდირება გაგრძელდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის განმავლობაში. სახელმწიფო წყვეტს სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი 5%-ს ჩამოსცდება.  

სამშენებლო კომპანია “რედკოში" აცხადებენ, რომ იპოთეკური სესხების სუბსიდირება ბიზნესს ფეხზე ვერ დააყენებს და იმ ნიშნულზე ვერ დააბრუნებს, რომელიც უძრავი ქონების ბაზარზე პანდემიამდე არსებობდა. 

“რამდენადაც ვიცი, საბიუჯეტო ცვლილებებს ელოდებოდნენ. ამის შემდგომ, ალბათ, სახელმწიფომ ბანკებთან ხელშეკრულებებზე უნდა დაიწყოს მუშაობა. 

ოპტიმისტური და საუკეთესო გათვლებით, ივლისიდან უნდა ამოქმედდეს, მაგრამ, რამდენად მოესწრება, არ ვიცი. ეს თანხები ბიუჯეტიდან უნდა გამოიყოს, რომელიც ადრე გათვლილი არ იყო, ანუ ცვლილება სჭირდება. პარლამენტში საბიუჯეტო ცვლილები დასრულდა თუ არა, არც ეს ვიცი. ზოგადად კი, საკითხი სახელმწიფოს მხრიდან ბანკებთან არის დასალაგებელი და რა დრო დასჭირდება, ვერ გეტყვით. როგორც ჩვენ გვითხრეს, ივლისის დასაწყისში იქნება. 

ილუზია არავის არ აქვს, რომ სუბსიდირება იქნება ერთადერთი მასტიმულირებელი, რომელიც ბიზნესს ფეხზე დააყენებს და იმ ნიშნულზე დააბრუნებს, რომელიც პანდემიამდე არსებობდა. აქ საუბარია, რომ რაღაც წილად გაყიდვებზე სტიმულირება მოხდეს. ახლა ამ სიტუაციაში სამშენებლო ბიზნესისთვის დახმარება მნიშვნელოვანია. 

იპოთეკური სესხების დაფინანსება ბიზნესს ბინებს რამდენს გააყიდვინებს, ამას პროცესში ვნახავთ. მე მჯერა, რომ რეალიზაციის მაჩვენებელი აუცილებლად მოიმატებს. ყველა გაყიდული უძრავი ქონება ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი ლიკვიდობას ინარჩუნებს და საქმიანობას აგრძელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა გრძელვადიან პერიოდზე არ არის გათვლილი და არც უნდა იყოს, რადგან ბიუჯეტიდან კერძო სექტორში სუბსიდირება, როგორც წესი, არ არის მიზანშეწონილი. ასეთ კრიზისულ სიტუაციაში რაღაც მყისიერი და ბიძგის მიმცემი დახმარებებით კომპრომისზე წასვლა მოკლევადიან პერიოდში ღირს”, - განაცახდა “რეზონანსთან” კომპანიის პროექტების მენეჯერმა მალხაზ კუნელაურმა. 

იპოთეკური სესხების სუბსიდირების შემდეგ, ბიზნესს ფასების კორექტირება მოუწევს, თუმცა, არა დიდად, რადგან კრიზისულმა ვითარებამ უძრავი ქონების ბიზნესიც დააზარალა. 

“სამშენებლო ბიზნესს, ალბათ, ფასების კორექტირება მოუწევს. ის ბაზრის მოთხოვნებთან კონკურენტული უნდა იყოს, მოთხოვნა კი ძალიან შემცირებულია. შესაბამისად, ყველა მოდელი არის განხილვადი, რომელიც დაგეხმარებათ იმაში, რომ გაყიდოთ უძრავი ქონება. ეს, ერთი მხრივ, სუბსიდირებით მოხდება, მეორე მხრივ კი - ფასის კორექტირებით, თუმცა ეს რთულია, რადგან ყველაფერი გაძვირდა. მიუხედავად ამისა, რაღაც დათმობის გაკეთება ბიზნესს აუცილებლად მოუწევს. თუ რამდენით, ამას თავად ბაზარი გვიჩვენებს.  

გრძელვადიან პერიოდში ბიზნესი უფრო ლიკვიდური და ძლიერი რომ იყოს, საჭიროა, გრძელვადიანი რეფორმები დაიგეგმოს, რომელიც განხორციელდება ეტაპობრივად და ბიზნესს გააცოცხლებს ისე, რომ კრიზისულ სიტუაციებში არ დადგეს საჭიროება, ბიუჯეტიდან დახმარება გამოიყოს”, - დასძინა “რეზონანსთან” მალხაზ კუნელაურმა. 

ახლა მომხმარებლები ელოდებიან, როდის მოხდება იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამის ამოქმედება, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ უძრავი ქონების ბიზნესის გამოცოცხლებას ხელს შეუწყობს. ეს ბაზარს ნამდვილად სჭირდება, რადგან, პანდემიის გამო, მსყიდველუნარიანობა საკმაოდ დაეცა. მენაშენეთა ასოციაციის ხემლძღვანელის, ირაკლი როსტომაშვილის განცხადებით, მთავრობის გადაწყვეტილება მოსახლეობისთვის საკმაოდ წინ გადადგმული ნაბიჯია. 

“ჩვენ უკვე ველოდებით კლიენტებს, რომლებსაც სახელმწიფო სესხებს დაუსუბსიდირებს. ჩვენ ვერ ვერევით იმ საკითხში, ადამიანი ბინას რა საშუალებით ყიდულობს. ერთი ცხადია, რომ იპოთიკური კრედიტები ხელმისაწვდომი გახდება მოსახლეობისთვის და მალე ისინი უფრო ნაკლები პროცენტით აიღებენ სესხს. ეს გადაწყვეტილება მიიღო მთვარობამ და უნდა განახორციელოს ბანკმა. ჩვენთან კი ის ადამიანი უნდა მოვიდეს, ვისაც უკვე სესხი აღებული აქვს. 

ფასებზე ეს ვერანაირად ვერ იმოქმედებს. წესით, კლიენტების რაოდენობა გაიზრდება. ჩვენ მივესალმებით ყველა იმ მომხმარებელს, რომლებიც რაღაც შეღავათს მიიღებენ”, - განაცხადა “რეზონანსთან” ირაკლი როსტომაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×