
19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია.
უკვე დაკითხულია ათობით მოწმე, რომლებიც პირდაპირ ან ირიბ კავშირში არიან ახალგაზრდებს შორის, მცხეთაში მომხდარ დაპირისპირებასთან.
სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გაქრა ახალგაზრდა ფეხბურთელის კვალი.
საქმეში ოჯახის მოთხოვნით უკვე ჩაერთო დამოუკიდებელი ექსპერტი.
"დასრულდა ცხედრის ექსპერტიზა. აიღეს ექსპერტებმა სათანადო მონაცემები, რაც მათ შემდგომი ლაბორატორიული კვლევებისთვის სჭირდებათ. ახლა დარჩა ის, რომ დადგინდეს, დაზიანებები არის სიცოცხლის დროინდელი თუ სიცოცხლის შემდგომი. კითხვის ნიშნები ბევრია, თავის დროზე ვერსიებიც ბევრი იყო, ოჯახის ერთადერთი მოთხოვნა, მიუხედავად ამ მძიმე ტრაგედიისა არის ის, რომ დადგინდეს სიმართლე,"- განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.
4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შემდეგ მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი, მდინარე არაგვში იპოვეს.