
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა პარლამენტის წევრების ზაზა გაბუნიას, მერაბ ქვარაიას, გოგა გულორდავას და კობა ლურსმანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“.
მომხსენებლის, რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განმარტებით, კანონპროექტის მიზანია, რომ 2018 წლის 10 აპრილამდე, ანუ ვიდრე კომპანია „სითი პარკთან“ შეწყდებოდა ხელშეკრულება, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის და მათ შორის, თბილისის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან ან/და საურავებისგან მოქალაქეების გათავისუფლება.
„ამ ჯარიმების საერთო რაოდენობა დაახლოებით 850 ათასი ლარია. საკითხი ეხება ათასობით მოქალაქეს. მინდა დავაზუსტო, რომ ცვლილებების არსი უკავშირდება იმ ჯარიმებისგან გათავისუფლებას, რომელიც არ არის გადახდილი დღემდე. ეს გადაუხდელი ჯარიმები დღემდე რჩებოდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ პრობლემად ჩვენი მოქალაქეებისათვის და ჩვენი გადაწყვეტილებით, ამ ცვლილებების მიხედვით ეს მოქალაქეების გათავისუფლდებიან ჯარიმის, საურავისა და აღსრულების ხარჯებისგან“, - აღნიშნა ზაზა გაბუნიამ.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.