
თხილის მოსავლის მიღებამდე ცოტა დრო რჩება და ფერმერებს უკვე 4 წამლობა ჩატარებული აქვთ. შედეგად საქართველო წელს მაღალი ხარისხის თხილის დიდ მოსავალს მიიღებს, რომლის ფასიც სავარაუდოდ 8-9 ლარი იქნება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წლების წინ გაცხადებული მიზანი, რომ აზიური ფაროსანას მართვა შესაძლებელი გამხდარიყო, ბოლომდე შესრულებულია.
მაისს-ივნისის პერიოდში, როგორც წესი, თხილის მწარმოებლები გეგმებს ათანხმებენ და ახალ სეზონში მოსავლის პროგნოზებს ადგენენ. ამჯერად თხილის საერთაშორისო საბჭოს სხდომა 10 ივნისს, ონლაინ-რეჟიმში ჩატარდა. წინასწარი შეფასებებით, 2020 წელს თურქეთში თხილის მოსავალი 620 000 ტონას იქნება, რაც 15%-ით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით. საქართველოსთვის ეს კარგი შესაძლებლობაა კიდევ უფრო გაიმყაროს პოზიციების მსოფლიო ბაზარზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გელა ხანიშვილი, ,,რეზონანსთან“ იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რაც საქართელოს მთავრობამ და თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ ერთობლივად გაატარა. შედეგად კი ფერმერები, წელს ბევრად უკეთეს მოსავალს მიიღებენ.
,,წინა კვირას პირდად გახლდით მონიტორინგზე. ვნახეთ შედეგები და მიღწევები, რომელიც გვაქვს. ბოლო სამი წელია საქართველოს მთავრობა და კონკრეტულად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ატარებს აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს და ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე უნდა ითქვას, რომ ბრწყინვალე შედეგები გვაქვს. მავნებლის პოპულაცია არის მნიშვნელოვნად შემცირებული. ამ ეტაპზე კი, მუშავდება "მოიზიდე და გაანადგურეს" მეთოდით ყველა ის ადგილი, სადაც ფერომონზე 15 ფაროსანაზე მეტი დაფიქსირდება. რაც შეეხება, უფრო ინტენსიურ დამუშავებას, თუკი ეს საჭირო გახდა, დაიწყება ივლისის დასაწყისიდან თერმული ნისლის გამოყენებით.
აღსანიშნავია თხილის მწარმოებელთა ასოციაციის როლი ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაში და მინდა მადლობა ვუთხრა მათ. შედეგები, რომელიც გვქონდა გასულ წელს იძლევა ოპტიმიზმის საფუძველს. ფერმერთა აბსოლუტურ უმრავლესობას 4 წამლობა უკვე ჩატარებული აქვს. იქ, სადაც გასულ წლებში 200-300 კგ თხილის მოსავლის მიღება იყო შესაძლებელი, წელს უკვე ველოდებით 2.5-3 ტონა თხილს. შარშან დაახლოებით 15 ათასი ჰა ფართობი დავამუშავეთ და ეს მაჩვენებელი წელს 23 ათას ჰა ფართობამდე გაიზარდა. რპოგრამაში ჩართულია 20 000-ზე მეტი ფერმერი, რომლებიც ჩვენს მიერ მიწოდებული აგროკალენდრით ხელმძღვანელობენ და ამის შედეგია, რომ წელს 50 000 ტონამდე თხილს ველოდებით.
ყველაზე მნიშნელოვანი მოსავლის აღების შემდეგ მაინც თხილის ფასია ფერმერებისათვის. შარშან სეზონის დასაწყისში 1 კგ თხილის ღირებულება იყო 4-5 ლარი, ბოლოს კი 9 ლარამდე ავიდა. ეს არის ძალიან კარგი ფასი. წელს უკეთეს ვითარებას ველოდებით, მსოფლიო ტენდენციების გათვალისწინებით. ჩვენის მხრივ კი, საერთაშორისო ბაზარს, ხარისხობრივად გაუმჯობესებულ თხილს მივაწვდით. მოლოდინი ასეთია, რომ გვექნება ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე დიდი და ხარისხიანი მოსავალი.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ თხილის ბაღების გაძლიერების ტენდენცია შეინიშნება. ფერმერები, რომლებიც ხედავენ, რომ წამლობა და მოვლა შთამბეჭდავ შედეგს იძლევა, დაიწყეს თხილის ახალი ბაღების გაშენება, რაც პერსპექტივაში, კიდევ უფრო დიდ შედეგზე გაგვიყვანს", - აღნიშნა გელა ხანიშვილმა "რეზონანსთან“.
გატარებული ღონისძიებების ფონზე შედეგი რომ უკეთესი იქნება, მხოლოდ ეს მხოლოდ საქართველოს მოლოდინი არ არის. თურქეთის თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის თავჯდომარის უფუკ ოზუგუნის ინფორმაციით, საქართველოში თხილის მოსვლის ზრდა 40 000-დან 50 000 ტონამდეა მოსალოდნელი. ეს კი შესაძლებელი მთავრობის და ფერმერების მიერ ფაროსანას წინაამღდეგ მიღებული აქტიური ზომების მიღების წყალობით გახდა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, გიორგი თოდუას ინფორმაციით, წლევანდელ სეზონზე თხილი, სავარაუდოდ, 7-9 ლარის ფარგლებში გაიყიდება. შარშანდელთან შედარებით ფასი დაახლოებით 3 ლარით მოიმატებს. 2019 წლის სეზონზე დასავლეთ საქართველოში თხილის საშუალო ფასი 6 ლარს შეადგენდა. მოსავლიანობა 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, ალბათ 15 ათასი ტონით გაიზრდება.
,,წამლობის ციკლს თუ დავიცავთ, ხარისხი გარანტირებული გვექნება. სურსათის უვნებლობის სამსახურთან ერთად ვიღებთ ზომებს და ფერმერებს პროდუქტის შეწამვლაში ვეხმარებით. ახლა მეოთხე ფაზაა და თუკი მეხუთე და მეექვსე წამლობას გამოტოვებენ, შემოსავალი შემცირდება. 1 ფაროსანა, საშუალოდ, 200 კვერცხს დებს, მაგრამ ერთი წამლობის ჩავარდნით, შეიძლება დარგი 2016 წლის მდგომარეობას დაუბრუნდეს. გარკვეული წარმატება მიღწეულია და ეს შედეგი სეზონის ბოლომდე როგორმე უნდა შევინარჩუნოთ.
თქვენი გაზეთის საშუალებით მინდა ფერემრებს მივაწვდინო ხმა და ავუხსნა, რომ არასწორია ხედვა, თითქოს, რადგან მათ ბაღებში არ არის მავნებელი, ის საერთოდ გაქრა. ზუსტად იმ პროტოკოლით, რომელითაც შარშან ვიხელმძღვანელეთ და რომელსაც მუდმივად ვაწვდით ასოციაციაში გაწევრიანებულ ფერმერებს, აუცილებელია წელსაც განვაგრძოთ მოვლა.
საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია დაახლოებით 25 000 ფერმერს აერთიანებს, ეს 30 000 ჰექტარზე მეტია. ამ ანალიზზე დაყრდნობით სპეციალური ფორმულა არსებობს, როგორ შეიძლება სავარაუდო მოსავალი დავითვალოთ. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ წელს 50 000 ტონამდე მოსავალს ველით.
ვინც უვლის თხილის ბაღებს, მათი ხარისხი ისეთია როგორიც არასდროს ყოფილა. საქართველოში თხილი არ გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით, ახლა კი ვინც მოუვლის და წამლობის წესებს დაიცავს, მათ კარგი შედეგები ექნებათ. ჩვენ რაოდენობასთან ერთად ხარისხის ზრდასაც ველოდებით“, - განაცხადა გიორგი თოდუამ.
ყველაზე მეტად მაინც ფერმერები არიან კმაყოფილნი. ადამიანები, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში ბაღებს უვლიან და მათი დიდი ნაწილისათვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. მინდია ეზუგბაია, ,,რეზონანსთან“ უყვება, რომ აზიური ფაროსანას გამოჩენის შემდეგ, მოგება პირველად გასულ წელს ნახა და 2020-ში უკეთეს შედეგს ელის.
,,მას შემდეგ, რაც ეს მავნებელი ბაღებს შეესია, წელს ყველაზე უკეთესი ვითარებაა. შეიძლება ითქვას, რომ მდგომარეობა მთლიანად შეცვლილია. მოსავალით მოგება პირველად შარშან ვნახე იმიტომ, რომ დავუჯერე მთავრობის პროგრამას, დავიწყე წამლობა და დადგენილი წესების დაცვით ჩემი ბაღის მოვლა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყევი. ამან მომცა კარგი შედეგი. წელს უკეთეს მოსავალს ველოდები და შესაბამისად, მეტ მოგებასაც. უნდა დავიჯეროთ, რომ თავისით, მოვლის გარეშე, არაფერი მოვა, მით უფრო დღევანდელ სიტუაციაში“, - განაცხადა ფერმერმა.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ფართომასშტაბიან ღონისძიებებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის უვნებლობის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უკვე ზედიზედ მესამე წელია ატარებს.