
საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილს ცოტნე გამსახურდიას სავარაუდოდ, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადაიყვანენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამსახურდიას მეუღლე ანა ჯაბაური ავრცელებს. გამსახურდის დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია.
„მართალია, ე.წ. რობოტზე დგას და მისი საშუალებით გადაადგილდება ყოველ დილას, მაგრამ ესეც წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენთვის. მისი გამხდარი პირისახეც ექიმების მიერ გამიზნულად დანიშნული კვების რაციონის შედეგია - მისთვის ზედმეტი წონა მავნებელია ახლა. ჯერ დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია. არც ლაპარაკობს. თუმცა, მისი დაზიანებების ხარისხისა და რაოდენობის გათვალისწინებით, სასწაულია, რომ საერთოდ ცოცხალია.
არ ვიცი ნებისყოფამ, ექიმებმა, განგებამ თუ ყველაფერმა ერთად იმუშავა - გადარჩა. მას შემდეგ მუდმივ ბრძოლაში ვართ და ყოველ მიზერულ გამარჯვებასაც კი ბედნიერები ვზეიმობთ მე, გიორგი, ანი (გიორგის არაჩვეულებრივი მეუღლე) და კონსტანტინე. ან ვის გვაქვს უფლება იოტისოდენა პესიმიზმის გამოვლენისა, როცა ერთმნიშვნელოვნად იგრძნობა, რამხელა ძალას აძლევს ცოტნეს ახლობლების რწმენა და ოპტიმიზმი. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში ევროპის ერთ-ერთ წამყვან ნეირო-სარეაბილიტაციო ცენტრში გადავალთ. საჰაერო გზები გაიხსნა და ამაზე უკვე ზრუნავს ხალხი, რომელიც პირველივე დღიდან ცოტნეს გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში ჩვენს გვერდითაა. ბრძოლას ვაგრძელებთ. იმედიანად ყოფნასაც“, - წერს ანა ჯაბაური.
