
გასულ კვირას აშშ-ს პრეზიდენტს შესამჩნევად გაუჭირდა ჭიქიდან წყლის მოსმა, რისთვისაც მას ორივე ხელის მოშველიება დასჭირდა, - წერს გამოცემა „Mirror".
მიუხედავად ჭორებისა, დონალდ ტრამპი უარყოფს გავრცელებულ მითქმა-მოთქმას, თითქოს მას პარკინსონის დაავადება სჭირს, თუმცა უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს ჭიქიდან წყლის დალევა და სიარული შესამჩნევად უჭირდა გასულ კვირას, ნიუ-იორკში, ვესთ ფოინთის სამხედრო აკადემიაში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე.
ტრამპმა, რომელიც გასულ კვირას 74 წლის გახდა, სცენაზე ჭიქა წყალი აკანკალებული ხელებით დალია.
როგორც „Mirror" წერს, ტრამპის დაღლილი გამომეტყველება ახალი მითქმა-მოთქმის საბაბი გახდა, რაზეც ტრამპმა „Wall Street Journal"-საც უპასუხა: „მხარდამჭერებთან შეხვედრებზე საათობით მიწევს ყოფნა, ხანდახან საკმაოდ მოუხერხებელი ფეხსაცმლითაც".
მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პრეზიდენტს ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ მოუხერხებელ სცენაზე უწევს დგომა. როგორც თავად ტრამპმა დაპოსტა „ტვიტერზე", სცენა საკმაოდ გრძელი და მოუხერხებელი იყო, არ ჰქონდა მოაჯირი და, რაც ყველაზე მთავარია, ფეხი უცურდებოდა.
როგორც ამერიკული პრესა აღნიშნავს, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატების მთავარი თემა ასაკი და ჯანმრთელობა იქნება.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპი, აშშ-ს ისტორიაში, ყველაზე უფროსი კანდიდატი იყო.