ია აბულაშვილი
22.06.2020

აგარის წმინდა გიორგის ხატს, რომელიც მე-11 საუკუნით თარიღდება, სახელი ადგილმდებარეობის მიხედვით ეწოდა. (ნიკორწმინდასთან მდებარე სოფელი აგარა). ეს ხატი, თავდაპირველად სოფელ ხორგაში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ესვენა, მოგვიანებით რაჭაში, რაჭის ქედზე მდებარე მთის წმინდა გიორგის მონასტერში გადმოუსვენებიათ, რატომ და რისთვის უცნობია, სავარაუდოდ ბაგრატ კურაპალატის ზეობის დროს.

მთის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელსაც "მთასაყდრსაც" უწოდებენ, მე-9 მე-10 საუკუნით თარიღდება და მის შესახებ რამდენიმე წერილობითი ძეგლიც შეიმორჩა, რომელიც საინტერესო ცნობებს გვაწვდის მონასტრის ისტორიის შესახებ, კუთვნილ საეკლესო ნივთებზე, ჯვარ-ხატებზე და უნიკალურ აგარის წმინდა გიორგის ხატის წარმომავლობაზე.

ხეზე გადაკურული, მოოქროვილი ვერცხლის ნაბეჭდი წმინდა გიორგის ხატს, არშიებზე ჰქონდა 14 ამობურცული ნაბეჭდი წმინდანების პატარა ხატები, რომელთაგან შემორჩენილია მხოლოდ 8, ხატის მარჯვენა მხარეს ღვთისმშობლის, იოანე მახარობლის და კიდევ ორი წმინდანის პატარა ხატია გამოკვეთილი. მარცხენა მხარეს კი წმინდა ნიკოლოზი, იოანე ნათლისმცემელი, მარკოზ მახარობელია გამოსახული.

ხატი შემკული იყო 55 ძვირფასი თვლებით, აქედან შემოჩენილია მხოლოდ 9. ხატის მთავარი ფიგურა წმინდა გიორგი მდგომერეა, მარჯვენა ხელში ხმალი უჭირავს, მარცხენა ხელში ქარქაში. ხოლო ფარი მარცხენა ფეხის უკან აქვს მიყუდებული. ხატის არშიაზე წმინდათან ხატების განმარტებები მთავრული წარწერით, წარწერა აქვს წმინდა გიორგის ხატსაც, დაქარაგმებულია სახელი გიორგი.

პირველად ეს ხატი უნახავს ცნობილ ქართველ მეცნიერს ანტონ ქუთათელაძეს 1894 წელს, მან აღწერა პირველად ეს სიძველე და შემოგვინახა ძვირფასი ცნობა ხატის წარმომავლობის შესახებ.

"ეს ხატი ჩამოსვენებულია წმინდა გიორგის მთიდან და გოლვის დროს, რაჭველებს ჩვეულება აქვთ იქ გაასვენონ და პარაკლისი გადაიხადონ რომ წვიმა მოვიდეს". ანუ ამ ცნობით რაჭველები გვალვის დროს ხატს ისევ მთის წმინდა გიორგის მონასტერში წაასვენებდნენ, იქ გადაიხდიდნენ პარაკლისს და სთხოვდნენ რომ წვიმა წამოსულიყო.

1911 წელს ხატი მოინახულა ექვთიმე თაყაიშვილმა, მანაც დაადასტურა, რომ ხატი ჩამობრძანებული იყო მთის წმინდა გიორგის ეკლესიიდან და იგი მე-11 საუკუნეში იყო მოჭედილი.

აგარის წმინდა გიორგის ხატს, პირვანდელი შარავანდედი შემორჩენილი აღარ აქვს, იგი დაზიანებულია და დაცულია ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×