რეზონანსი
22.06.2020

ფაქტობრივად, მოხდა ევოლუციური რევოლუცია, - ასე გამოეხმაურა „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიიღებას.

ნათელაშვილის განცხადებით, ოპოზიციური ერთიანობის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა, „წარმოუდგენელ ცვლილებებზე წასულიყო".

„სრულდება, რასაც მმართველ დაჯგუფებას შევპირდით რვა წლის უკან. შეუქცევადი ხდება პროპუტინუსტური, დიქტატორული, ოლიგარქიული, ივანიშვილისეული რეჟიმის ჩამოშლა ჩვენი ხალხის მედგარი წინააღმდეგობით. ოპოზიციის უპრეცენდენტო ერთიანობით, საერთაშორისო მეგობრების არნახული მხარდაჭერით, რეჟიმი იძულებული გახდა, შეეტანა ცვლილებები ქვეყნის ძირითად კანონში. საქართველო გადადის პარტიულ, პროპორციულ მოდელზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ხალხი იბრუნებს პოლიტიკურ სუვერენიტეტს თავის მამულზე.

მინდა, უდიდესი მადლობა მოვახსენო ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, რომლებიც აღჭურვილნი არიან მაღალი სახელმწიფოებრივი შეგნებით. სწორედ, ის ისტორიული ადგილია აი აქ დღეს, სადაც ოპოზიციური ერთიანობის გამო ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო წარმოუდგენელ ცვლილებებზე. ფაქტობრივად, ეს არის ევოლუციური რევოლუცია ყოველგვარი ხოცვა-ჟლეტის, სისხლის ღვრისა და კონფრონტაციის გარეშე. ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით მივაღწიეთ იმას, რომ ქვეყანა პირველად მშვიდობიანად გადადის განვითარების ახალ საფეხურზე",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

136 ხმით ხუთის წინააღმდეგ პარლამენტმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით გუშინ მიიღო. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს ოპოზიციურმა ფრაქციებმა, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×