
მიმდინარე კვირაში ცნობილი გახდა, რომ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული კოვიდინფიცირებული ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდა.
კლინიკის ექიმი ნანა სარალიძე აცხადებს, რომ პაციენტებს ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინოდათ
„ამ პაციენტებს ჰქონდათ მძიმე ფსიქოლოგიური სტრესი. ჰქონდათ შიში, შიში სიკვდილისა. ისინი ყოველ ჯერზე შესულს მეკითხებოდნენ: „ექიმო, როგორ ვიქნები?". ამ კითხვაზე პასუხი იყო ჩემგან ყოველთვის „ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს სარალიძე.
ყველაზე დასამახსოვრებელი მისთვის მოხუცი პაციენტი აღმოჩნდა, რომელიც საკუთარ თავზე მეტად რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანილი შვილის მდგომარეობამდე ღელავდა.
„არ მავიწყდება 77 წლის ქალბატონი, რომლის უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდნილი შვილი რეანიმაციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. თითქმის ყოველ 10 წუთში გვეძახდა, კითხულობდა თავისი შვილის ამბავს და უკვირდა რატომ არ პასუხობდა ტელეფონს ყოველ დაძახებაზე შესული სხვადასხვა ამბავს ვუყვებოდი, რათა დამემშვიდებინა", - იხსენებს ექიმი.
ექიმი ასევე აღნიშნავს, რომ კლინიკის თანამშრომლებმა ეს მძიმე გამოწვევა მხოლოდ ერთობით გადალახეს.
„ძნელი იყო ძალიან ასეთ სტრესულ სიტუაციას გავმკლავებოდით ჩვენ ერთ მუშტად შეკვრის გარეშე", - აღნიშნავს სარალიძე და მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
წყარო: იმედი