
თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 18 კოვიდინფიცირებულია. 18 ინფიცირებულთა შორის 6 მედპერსონალია.
როგორც „ინტერპრესნიუსს" რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„სულ კლინიკაში 32 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 18 კოვიდინფიცირებულია. 18 ინფიცირებულიდან 6 მედპერსონალია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდ-19-ზე ჩატარებული ყველა ტესტის პასუხი უარყოფითია, როგორც კლინიკის თანამშრომლების, ასევე ე.წ. ცხელების ცენტრში მყოფი პაციენტების. ერთი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია", - აცხადებენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
ცნობისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 8-ით გაიზარდა და 906 გახდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა და 755-ს შეადგენს.