
ხალხი ვისი ხელითაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან, - ამის შესახებ განცხადებას საერთაშორისო საკითხების ექსპერტი გიორგი გობრონიძე აკეთებს.
მისი განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ფული რომ არ ჰქონოდა, 2012 წელს მასთან გაერთიანებას არავინ მოისურვებდა.
"ხალხი, ვისი ხელითაც პოლიტიკას აკეთებს, დიდად ეფექტურები არ არიან. რა ამოძრავებს ამ ადამიანებს, იდეის ერთგულება? თუ გავიხსენებთ 2012 წლის შემოდგომას, თვალწინ წარმოგვიდგება დიდი აჯაფსანდალი: ლიბერალები, დემოკრატები, სოციალისტები, კონსერვატორები, "ნაციონალებიდან" პორტირებულები, ყოფილი არასამთავრობოები. ესე იგი, გემოვნების მიხედვით იყო ჩალაგებული შვედური მაგიდა პოლიტიკაში. რა იყო მათი მთავარი გამაერთიანებელი? ფული.
ივანიშვილს ფული რომ არ ჰქონოდა და ისე დაეძახა, მოდი, მოვიშოროთ ტირანი სააკაშვილიო, კაციშვილი არ გაჰყვებოდა. აქედან გამომდინარე, ადამიანები მანამდე არიან მასთან, სანამ სარგებელს იღებენ.
თუ ვინმე შედარებით პრეზენტაბელური ფიგურა იყო მის გუნდში, ყველა წავიდა. მაგალითად, კვირიკაშვილი, ადამიანი, რომელიც ამბობდა, 9 წელზე გამოკიდება არ არის სწორიო; ეს იყო ადამიანი, რომელიც გოიმსა და ძროხას არ უწოდებდა ოპოზიციონერს. მის დროს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა გაფორმდა. მსგავსი ადამიანები აღარ ჰყავს ივანიშვილს, შესაბამისად, მისი გემი ჩასაძირად არის განწირული", - განაცხადა ექსპერტმა "კვირის პალიტრასთან".