
არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყოფთ საარჩევნო კამპანიის შესაძლებლობას, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ.
როგორც თალაკვაძემ განმარტა, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის. მისი თქმით, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი მათ მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა.
შესაბამისად, თალაკვაძის განცხადებით, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი.
"მოგეხსენებათ, წარსულში, კონსტიტუციის წინა რედაქცია ხელისუფლებას აძლევდა საშუალებას არჩევნების ვადებთან მანევრირების კუთხით, მაგრამ დღეს ეს შესაძლებლობა არ არის, კონკრეტული თარიღი არის ჩაწერილი ჩვენს მიერ მიღებულ რედაქციაში და ეს არის ოქტომბრის ბოლო კვირა. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის დაფიქსირებული კონსტიტუციაში და ეს არის 31 ოქტომბერი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, დამეთანხმებიან ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, ოპოზიციიდან, რომ არც ერთხელ არჩევნების თარიღის ცვლილებასთან დაკავშირებით საკითხი არ ყოფილა დასმული, არ ყოფილა არც ასეთი ინიციატივა და არ ყოფილა არც ამასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე. მით უმეტეს რაიმე გადაწყვეტილება. შესაბამისად, არჩევნების თარიღი არის ძალაში და ჩვენ უზრუნველვყოფთ მაქსიმალურად პოლიტიკური საარჩევნო კამპანიის ჩატარების შესაძლებლობას",- განაცხადა თალაკვაძემ.