რეზონანსი
21.06.2020

ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე, იგივე „ლავასოღლი" თურქეთის ციხიდან გაათავისუფლეს. ის ამჟამად ბელორუსიაში საემიგრაციო პატიმრობაშია და ჯერ უცნობია სად მოხდება მისი გადაყვანა.

როგორც უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ განაცხადა, თურქეთის მხარემ გადაწყვეტილება „ლავასოღლის" ოჯახის წევრების აქციებისა და კონსულთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.

„პარასკევს გამოუშვეს ციხიდან და რამდენიმე საათი მისცეს დრო, რომ თურქეთის ტერიტორია დაეტოვებინა. იმ დროს მხოლოდ ბელორუსის მიმართულებით ხორციელდებოდა რეისი და ის ბელორუსიაში საემიგრაციო სამსახურში იმყოფება. ახლა ველოდებით სად მოხდება მისი გადაყვანა და ამაზეა დამოკიდებული გაგრძელდება თუ არა აქციები", - განაცხადა ბაკურიძემ.

„ლავასოღლი" ქურდული სამყაროს წევრობისთვის არის გასამართლებული, მას ბათუმის საქალაქო სასამართლომ 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენის გამოტანის დროისთვის ის საქართველოში არ იმყოფებოდა. თურქეთში კი 2018 წლის ბოლოს დააკავეს. მისი საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით ბათუმში აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში იმართებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×