
აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამას 10 წლის თავზე ერთმნიშვნელოვნად პოზიტიური შედეგები აქვს - ყველა თანხმდება, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილე სახელმწიფოებმა მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიეს და სასიამოვნოა, რომ საქართველო ამ თვალსაზრისით ლიდერია, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუციას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს თანამშრომლობის გაფართოებული სტრატეგია შესთავაზოს.
პრემიერის პრესსპიკერის შეფასებით, საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები, რამაც ქვეყანას საშუალება მისცა, მიეღო ისეთი მნიშვნელოვანი სიკეთეები, როგორიცაა ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო მიმოსვლა.
„ჩვენთვის სასიამოვნოა, რომ ევროპარლამენტარები და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სახელმწიფოს მეთაურები თანხმდებიან იმაზე, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტად ამბიციური გეგმები იმისთვის, რომ შემდგომი ათწლეულებიც იყოს ასეთივე წარმატებული. სასიამოვნოა ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერთა დიალოგისას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერებული გზავნილები ემთხვევა იმ ხედვას, რაც ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობასთან მიმართებაში გააჩნია. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული ხელშესახები მიზნები, რათა აღმოსავლეთ პარტნიორობა გავხადოთ კიდევ უფრო ეფექტიანი. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, უშუალოდ დაინახონ ის სიკეთეები, რა მოაქვს ევროკავშირში ინტეგრაციას საქართველოსთვის და ჩვენი თითოეული მოქალაქისთვის", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.