
ზოგიერთ სექტორს პანდემია მნიშვნელოვნად შეეხო და ვიცით, რომ მათ შორის ტურიზმის სექტორი არის საოცრად დაზარალებული. ტურიზმის შემდეგ მთელ მსოფლიოში ყველაზე დაზარალებული ღვინის სექტორია - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„ღვინის გაყიდვა მჭიდროდ არის დაკავშირებული სასტუმრო ბიზნესთან. სასტუმრო, რესტორანი, კაფე, ჰორეკა სეგმენტი არის გაყიდვების ძალიან მნიშვნელოვანი და გაყიდვების დაახლოებით 30 პროცენტი მოდის ჰორეკა სექტორზე, რომელიც რადენიმე თვე მთელ მსოფლიოში დაკეტილი იყო. საქართველოშიც ახლახან გაიხსნა რესტორნები და მათი სრული დატვირთვა, ჯერ შორსაა. ყველა ახალ ბაზარზე ქართული ღვინის დიდი წილი შედიოდა სწორედ ჰორეკა სექტორში, ამიტომ დღეისთვის დაახლოებით, 10-15%-ით არის შემცირებულია ღვინის გაყიდვები, მაშინ, როდესაც რომ წელს უნდა გაზრდილიყო. ჩვენ ყოველ წელს გვაქვს 5-დან 10%-მდე ზრდა და ამიტომ ნედლეულის ბაზაც საქართველოში ყოველ წელს იზრდება და სწორედ ამ ზრდაზეა ინდუსტრია ორიენტირებული. წელს კი ზრდის ნაცვლად კი კლება გვაქვს, ისევე, როგორც ეკონომიკაში. ეს ძალიან მძიმეა სექტორისთვის და ამიტომ ჩვენ კრიზისული ბიუჯეტის ნაწილში სუბსიდირების თანხა გვაქვს გათვალისწინებული.
ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ სუბსიდიის რეჟიმიდან ფაქტობრივად გამოსულები ვიყავით, იმ მიზნით, რომ ჩვენ ფერმერებს ყურძნის ჩაბარების პრობლემა არ შეექმნათ, რადგან ეს არის მალფუჭებადი პროდუქტი და მყისიერად უნდა დაბინავდეს, მინიმალური გარანტირებული პირობებით იმისთვის, რომ ფერმერებმა თავის დანახარჯის ამოღება შეძლონ და გარკვეული მოგებაც მიიღონ, სახელმწიფო გაწევს სუბსიდირებას, თუმცა სუპერ ფასების მოლოდინი ყურძენზე, წარმოუდგენელია. გულწრფელები ვიყოთ და პირდაპირ ვთქვათ და არ შევქმნათ ცრუ მოლოდინები, რადგან ეს არის ის შესაძლებლობა, რაც ქვეყანას გააჩნია ამ რთულ პირობებში ჩვენ გვესმის რომ რესურსები შეზღუდულია და ყველაფერს ყურძნის შესაძენად ვერ დავხარჯავთ. თან სახელმწიფომ უნდა დახარჯოს ფული, რადგან კერძო სექტორიდან შემცირებულია მოთხოვნა. დაახლოებით 60 მილიონია, რაც სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით დაიხარჯება, რაც ვითარების დაბალანსების შესაძლებლობას მოგვცემს, რომ ნაკლებად მტკივნეულად გადაიაროს სექტორმა პრობლემები, როგორც მევენახეებმა, ასევე მეღვინეებმა“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, წელს დიდი რაოდენობით, დაახლოებით 300 ათასი ტონა ყურძნის მოლოდინი არსებობს.