
12 ივნისს ქუთაისი-ზესტაფონის დამაკავშირებელ გზაზე ტრაგედია დატრიალდა. მსუბუქი ავტომობილი, რომელსაც ექიმი რეანიმატოლოგი, 32 წლის გუბაზ კორძაია მართავდა, მოცურდა და გზის სავალი ნაწილიდან ხევში გადავარდა. ექიმი ადგილზევე გარდაიცვალა.
გუბაზ კორძაია ერთდროულად რამდენიმე კლინიკაში მუშაობდა. ტრაგედიის წინა დღეს ის ქუთაისში გულის შუნტირების ოპერაციას დაესწრო. სწორედ ამ ოპერაციის შემდეგ ქუთაისიდან თბილისში ბრუნდებოდა, როდესაც ექიმი ავტოკატასტროფამ იმსხვერპლა.
„ორი მცირეწლოვანი შვილი და ფეხმძიმე მეუღლე დარჩა… ფანტასტიკური მამა და მეუღლე იყო და გამორჩეულად კარგი შვილი მშობლებისთვის. კოდორის ხეობიდან იყვნენ და ომის შემდეგ გადმოვიდა ოჯახი თბილისში.
არაჩვეულებრივი მეუღლე დარჩა, 18, თუ 19 წლის ასაკში მოიყვანა ცოლად. მანამდე შეყვარებულები იყვნენ. არაჩვეულებრივი წყვილი იყო…
სულ რაღაც ეჩქარებოდა. ბევრი რამეა გასაკეთებელი და უნდა მოვასწროო – ამბობდა. თითქოს ცხოვრება ეჩქარებოდა…“, – განაცხადა ექიმმა მაკა მიქაძე „სარკესთან“ საუბრისას.