
პირველ რიგში უნდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვიცით, რა მოხდა. არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც გვარამიამ განაცხადა, არ გვაქვს, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „დღის ქრონიკაში" განაცხადა.
მისი თქმით, სუსმა მხოლოდ ის დაადასტურა, შეკვეთილი მკვლელობის განხორციელების მცდელობა იყო.
„გვარამიამ უფრო ადრე განაცხადა დაგეგმილი მკვლელობის შესახბ, ვიდრე ამაზე რაიმე ინფორმაცია გახდებოდა ცნობილი და განაცხადა ისეთი დეტალები, რაც ეჭვს იწვევს, საიდან უნდა სცოდნოდა მის შესახებ გვარამიას. ეს ძალიან საეჭვოა, როგორც ბევრი სხვა რამ, რასაც ისინი ყოველდღიურად ჩადიან.
არანაირი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გაბუნიას მკვლელობა მზადდებოდა და ა. შ. ჩვენ არ გვაქვს. სუსმა დაადასტურა მხოლოდ ერთი რამ, რომ შეკვეთილი მკვლელობის განხორციელების მცდელობა იყო და დაკავებულია ინგუში და არა ჩეჩენი, როგორც ამას რატომღაც ხაზგასმით აღნიშნავს ყველა. მინდა გითხრათ, რომ ამასაც პროვოკაციის სუნი უდის, რადგან უკვე დიდი ხანია არსებობს ჩეჩნებისა და ქართველების დაპირისპირების მცდელობა და ესეც გასათვალისწინებელია. ასე რომ, ყველაფერი, რაც ჩვენ გვესმის წმინდა წყლის პროვოკაცია და ახალი სკანდალის აგორების მცდელობაა, თუმცა თავისთავად ამბავი ძალიან შემაშფოთებელია, თუ ეს რეალურად დადგინდება და ამას დრო უნდა" - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.