რეზონანსი
17.06.2020

საქალაქო სასამართლოში დღეს, გიორგი რურუას პროცესი გაიმართა, სადაც დაიკითხა დაცვის მხარის 6 მოწმე, პოლიტიკური პარტიების ლიდერები - გიგი უგულავა, ელენე ხოშტარია, ზურაბ ჭიაბერაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, გოკა გაბაშვილი და ნუგზარ წიკლაური.

"მე სასამართლოს მოვუყევი ყველა იმ დეტალზე, რომელიც ჩემთვის ცნობილია. იმ ღამე გიორგი რამდენჯერმე ვნახე და საერთოდ არ შემიმჩნევია, რომ მას იარაღი ჰქონოდა. კიდევ ერთხელ ვამბობ, სანამ პოლიტპატიმარი გიორგი რურუა არ იქნება გათავისუფლებული, 8 მარტის შეთანხმება, რომელსაც "ქართული ოცნება" დაეთანხმა - სრულად შესრულებული არ იქნება და ჩვენ, "ევროპული საქართველო," კენჭისყრაში მონაწილეობას არ მივიღებთ," - აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" გენერალური მდივანი, გიგი უგულავა.

მომდევნო სხდომა ხვალ, 3 საათზე დაინიშნა. ადვოკატის განცხადებით, მოწმეებმა დაადასტურეს, რომ რურუას იარაღი არ ჰქონია. მისივე თქმით, რურუა უდანაშაულოა და მის წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია. ბრალდებას კი საწინააღმდეგო პოზიცია აქვს.

"ალოგიკურია მთლიანი ისტორია, რომელსაც გამოძიება გვთავაზობს, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს გიორგი რურუა, იმ ადგილზე, სადაც უამრავი პოლიციელი იმყოფებოდა და ასევე, იქ სადაც ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ დემონსტრანტებს - თურმე გიორგი რურუა ცეცხლსასაროლი იარაღით გადაადგილდებოდა," - აღნიშნავს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

საქმის პროკურორი კი აცხადებს, რომ მოწმეების მიერ ნათქვამი ინფორმაცია, აბსოლუტურად არაფრის მომცემია.

"ექვსივე მათგანმა აღნიშნა, რომ 8 საათით ადრე ჰყავთ მათ გიორგი რურუა ნანახი, სადაც მათივე თქმით გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა. შესაბამისად, მათ მიერ მოცემული ინფორმაცია აბსოლუტურად არაფრის მომცემი არ არის," - განაცხადა პროკურორმა ვასილ სამხარაძემ.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×