
იყო რამდენიმე მკაცრი ღონისძიება, რომელთა მიღებაზე ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობდით, და საზოგადოებრივი აზრი უკვე მზად იყო და ითხოვდა კიდეც ამ ღონისძიების მიღებას. მათ ირწმუნეს, რომ ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო მოქალაქეებზე ზრუნვა და ეს წარმატებით გამოსდიოდა, - ამის შესახებ „საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
„იმისათვის, რომ ჯანდაცვის მსგავსად დარგის სპეციალისტების ცოდნაზე დაფუძნებული რჩევებით სხვა სფეროებშიც ვიხელმძღვანელოთ, პირველ რიგში, ამ სფეროებში სპეციალისტების არსებობაა საჭირო. შეგიძლია მოიწვიო დარგის სპეციალისტები და მოისმინო მათი რეკომენდაციები, თუმცა აქ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის - რა იქნება პირველადი. როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ კრიზისზე, რომელიც ეხება ადამიანის ჯანმრთელობას და მოქალაქეთა სოციალური ცხოვრების თითქმის ყველა სფეროს - დაწყებული ეკონომიკიდან, დამთავრებული გადაადგილების შეზღუდვით, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ხარისხი. მაღალი უნდა იყოს მოქალაქის მზაობის ხარისხი, რომ ის დათანხმდეს იმ თამაშის წესებს, რომლებსაც ხელისუფლება პროფესიონალების რეკომენდაციების საფუძველზე სთავაზობს. ეს საკმაოდ რთული იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმ ემოციურ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც ახლა ჩვენთანაა, თუმცა შესაძლებელია. მსგავსი მაგალითები აძლევს მოქალაქეს შესაძლებლობას, მეტად ენდოს ხელისუფლებას - და პირიქით. ეს ხომ გარკვეული კონტრაქტი იყო - ხელისუფლებასა და მოქალაქეებს შორის. ხელისუფლების მოტივაცია ძალიან მარტივია - ნახეთ, რა ხდება რეგიონში. გარდა ამისა, ხელისუფლება მიხვდა, რომ იმისთვის, რათა მოქალაქემ დაგიჯეროს და გენდოს, პირველ რიგში, ის უნდა იყოს სრულად ინფორმირებული. მეორე - უნდა ხედავდეს, რომ პირველ პლანზე არა პოლიტიკური ამბიციები, არამედ მოქალაქეზე ზრუნვა დგება. შემდეგ მან შედეგებით უნდა დაინახოს, რომ ეს ერთობლივი სოლიდარული ქმედებები შედეგს იძლევა. იყო რამდენიმე მკაცრი ღონისძიება, რომელთა მიღებაზე ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობდით, და საზოგადოებრივი აზრი უკვე მზად იყო და ითხოვდა კიდეც ამ ღონისძიების მიღებას. მათ ირწმუნეს, რომ ხელისუფლების ძირითადი მიზანი იყო მოქალაქეებზე ზრუნვა და ეს წარმატებით გამოსდიოდა. ამან მოგვცა შესაძლებლობა, დღეს ვთქვათ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველომ გაართვა თავი პირველ ეტაპზე პანდემიის ეფექტურ შეჩერებას, მართვას და ადაპტაციას", - განაცხადა პრემიერმა.