გვქონდეს ერთმანეთთან ორმეტრიანი დისტანცია, რადგან თუ ჩვენ დისტანციას არ დავიცავთ, მხოლოდ პირბადე ხანგრძლივი კომუნიკაციის შემთხვევაში შესაძლოა, სრულფასოვანი დაცვის საშუალება არ იყოს, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ „იმედის დილაში" განაცხადა.
მას კითხვით მიმართეს ღია სივრცეებში პირბადის გამოყენებასთან დაკავშირებით.
„ღია სივრცეში, სადაც ხალხმრავლობაა, ასეთ ვითარებაში შესაძლოა პირბადის გამოყენებას ჰქონდეს ეფექტი, მაგრამ მაინც უნდა ვეცადოთ, ფიზიკური დისტანცირება მოვახდინოთ. გვქონდეს ერთმანეთთან ორმეტრიანი დისტანცია, რადგან თუ ჩვენ დისტანციას არ დავიცავთ, მხოლოდ პირბადე ხანგრძლივი კომუნიკაციის შემთხვევაში სრულფასოვანი დაცვის საშუალება არ იყოს", - აღნიშნა გოგინავამ.
მისივე თქმით, კვლავ ძალაშია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დაბანა-დამუშვება სხვადასხვა სანიტაიზერებით და ასე შემდეგ. დახურულ სივრცეში კი, იქ, სადაც ამის საჭიროებაა, მოქალაეებმა გამოიყენონ პირბადე.
ინფექციონისტმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ შეახსენა ის სიმპტომები, რა დროსაც მათ დაუყოვნებლივ ექიმს უნდა მიმართონ.
„მინდა მოსახლეობას მივმართო, თუ მათ აღენიშნებათ ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, როგორიც არის ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება და ასე შემდეგ, დროულად მიმართონ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს. რათა დროულად მოხდეს მათი დიაგნოსტირება", - განაცხადა გოგინავამ.
ინფექციონისტმა ასევე ისაუბრა ბოლო პერიოდში კორონავირუსის ახალი შემთხვევების მომატებულ ფონზეც.
„შექმნილი ვითარება საყურადღებოა, თუმცა, თუ მოსახლეობა დაიცავს იმ რეკომენდაციებს, რომელიც გაიცემა და პირველ რიგში, ჩვენ ვაღიარებთ კორონავირუსის არსებობას და ჩავთვლით, რომ ის ჩვენთან ერთადაა და ვისწავლით მასთან თანაცხოვრებას, გავითვალისწინებთ არსებულ რეკომენდაციებს, ამ შემთხვევაში ჩვენ შევძლებთ, შევინარჩუნოთ კარგი ეპიდსიტუაცია. ამიტომ, საჭიროა, მოსახლეობა სამედიცინო სექტორი იყოს მობილიზებული, რათა ეს კარგი შედეგები შევინარჩუნოთ. მოვუწოდებ მოსახლეობას, გაგებით მოეკიდოს ამ ყველაფერს. მესმის, რომ ხშირ შემთხვევაში დისკომფორტის შემქმნელია უნდაც პირბადის გამოყენება, თუნდაც დისტანცირება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს მინიმალურია, რაც ჩვენ, საზოგადოებას შეგვიძლია, რათა მინიმუმამდე დავიყვანოთ ახლი შემთხვევების რაოდენობა. დანარჩენს შესაბამისი სტრუქტურები, ეპიდემიოლოგიური სამსახურები აკეთებენ, რათა ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა შენარჩუნდეს", - განაცხადა გოგინავამ.