რეზონანსი
16.06.2020

ოპოზიციური პარტიები თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატებს ხვალ ან ზეგ დაასახელებენ, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ხალხს რაც აინტერესებს, ეს ოპოზიციის ერთიანობაა.

„მე პირობას ვდებ, ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ოპოზიცია ერთიანი იყოს. ხვალ ან მაქსიმუმ ზეგ გარკვეული კანდიდატები დასახელდება თბილისთან მიმართებაში. ბევრს უნდოდა, რომ ჩაშლილიყო ეს შეთანხმება, „ქართული ოცნება" ალბათ, ხელებს იფშვნეტდა, რომ იქნებ, ოპოზიციური გაერთიანება დაიშალოსო, მაგრამ არ დაიშლება", - განაცხადა ვაშაძემ.

მისი თქმით, დასახელებულ კანდიდატთა შორის არ იქნებიან პარტია „ლელო საქართველოსთვის" წევრები.

„ლელოს" თავის არჩევანი აქვს და კი ბატონო, მიხედოს. მე არ ვეთანხმები მათ საარჩევნო სტრატეგიას, ცოტა ილუზიებში არიან, მაგრამ ახალგაზრდა პარტიაა, ისწავლის და გამოცდილებას მიიღებს. როგორც მე არ მაქვს ბიზნესში გამოცდილება, ისე მათ არ აქვთ პოლიტიკაში გამოცდილება და ვფიქრობ, რომ შეცდომას უშვებენ, მაგრამ ეს მათი გადასაწყვეტია. მე ამაში ვერ ჩავერები. მაინც მინდა, რომ ვითანამშრომლო ყველა პროდასავლურ ოპოზიციურ ძალასთან. პირველი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთიანობა დავაფიქსიროთ; მეორე, კარი ღია დავტოვოთ საინტერესო ადამიანებისთვის და ამასაც გავაკეთებთ; მესამე - ოპოზიცია შეთანხმდა და თანხმდება ამ საკითხებზე, ამიტომ ჩვენ ამ კუთხით განცხადება ხვალ გვაქნება", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×