
გადაცემა “რეაქციის” ავტორი და წამყვანი ინგა გრიგოლია არხზე განვითარებულ მოვლენებს გადაცემის სტუდიიდან გამოეხმაურა. მან გულისტკივილი გამოთქვა არხიდან ნინო ჟიჟილაშვილის, ვახო სანაიას და დიანა ტრაპაიძის გამო.
“მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას. “ტვ პირველია” ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის მსგავსიც სხვა იშვიათად მინახავს. რომელიც ამ ხელებით გავზარდე მეც და რომელშიც მთელი ენერგია ჩავდე. ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე – დიანაზე, ჟიჟიზე, ვახოზე. ვერ მოგატყუებთ. რთულად გადავიტანე მათი წასვლა. იმდენად რთულად, რომ სიტყვებს მართლა ვერ ვპოულობ ჩემი სიტყვების სრულად გადმოსაცემად. რაც არ უნდა ვთქვა, ალბათ არ იქნება ის, რასაც მე ახლა განვიცდი. თავს არ მოგახვევთ ჩემს ნერვიულობას და რაც ახლა ჩემშია, ეს ყველაფერი ჩემი გადასატანია.
მე ჩემი არჩევანი მაქვს და ჩემი არჩევანია “ტვ პირველი”, რომელიც შვილივით მიყვარს. ბოლო პერიოდში დიდი შტურმია ჩვენზე, გვიტევს ხელისუფლება, გვიტევენ “ტროლები”, “ბოტები”, მეფის კარის კლოუნები. ამოშანთვით და განადგურებითაც გვემუქრებიან”, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ.